პაატა სალიამ "მოსკოვის მექანიზმის" დასკვნას "არასერიოზული" უწოდა
"ქართული ოცნების" გუნდის წევრის, იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას განცხადებით, მოსკოვის მექანიზმის დასკვნა და რეკომენდაციები მოსკოვის მექანიზმის ფარგლებს სცდება.
მე თავს შევიკავებდი სიმართლე გითხრათ დასკვნის კრიტიკისგან, თუმცა ის რეკომენდაციები, რაც საბოლოო ჯამში დასკვნამ გასცა, ყველანაირად სცდება მოსკოვის მექანიზმის ფარგლებს," - ამბობს პაატა სალია.
"პირველების" კითხვაზე არის თუ არა რომელიმე სპეცრაზმელი დასჯილი, რომლებიც საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე ძალადობდნენ, პაატა სალია ამბობს, რომ გამოძიება მიმდინარეობს.
კითხვაზე რატომ არ არის სპეცრაზმელი, რომელიც გურამ როგავას თავს დაესხა, დასჯილი, იუსტიციის მინისტრი კითხულობს - "ჩანს თუ არა თავდამსხმელის სახე".
თქვენ იცით, რომ მიმდინარეობს გამოძიება... სპეცრაზმელის სახე ჩანს? - ამ ეტაპამდე ვერ მოხდა [იდენტიფიცირება], მიმდინარეობს გამოძიება. არის საქმეები რომლებიც შეიძლება ცხელ კვალზე გამოიძიო, არის საქმეები, რომელზეც არის გართულებული, ობიექტური მიზეზების გამო, მტკიცებულებების მოპოვება," - თქვა მან.
"TV პირველის" შეკითხვაზე, ჰააგის სასამართლოში თუ წავა ეს საქმე - პაატა სალია აცხადებს, რომ სწორედ ასეთი რეკომენდაციების გამოა მოსკოვის მექანიზმის დასკვნა არასერიოზული.
მასეთ რეკომენდაციებს რომ გასცემს ეს დასკვნა, სწორედ ამიტომ არის არასერიოზული და სწორედ ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ მისი კრიტიკა. სხვაგვარად, ასეთი დასკვნები რომ არ დაეწერა, არ შევიდოდი ამ დასკვნის კრიტიკაში, მაგრამ ის, რაც ექსპერტმა დასკვნის ნაწილში რეკომენდაციების სახით დაწერა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა სტრასბურგის სასამართლოში უჩივლონ საქართველოს, მეორე ის რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში უჩივლონ საქართველოს, ეს არის წარმოუდგენელი. მხოლოდ ერთი მხარის განცხადებები ხშირ შემთხვევაში დაუსაბუთებელი და არ აისახა ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რაზეც მათივე მხრიდან იყო მოთხოვნა, წარვუდგინეთ უფრო ადრე ვიდრე ითხოვდნენ, თუმცა არცერთი ეს დოკუმენტი დასკვნაში არ მოხვდა. არ აჩენს ეს კითხვებს? რატომ არ ხვდება მათ მიერვე მოთხოვნილი დოკუმენტები დასკვნაში? არ აჩენს კითხვებს, რატომ არის დასკვნა ძირითადად დამყარებული რაღაც პოლიტიკურ განცხადებებზე, გადაუმოწმებელ ფაქტებზე?
როცა გექნებათ შესაძლებლობა გეკითხათ იმ ქალბატონის მიმართ, ვინც ეს დასკვნა დაწერა, რატომ არ გაითვალისწინა საქართველოს მთავრობის მიერ გაგზავნილი დაახლოებით 150-გვერდიანი ინფორმაცია," - ამბობს პაატა სალია.
ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის რეკომენდაციაში წერია, რომ შესაძლოა განიხილონ საქართველოს საქმის ჰააგის სასამართლოსთვის (ICC) გადაცემა.
რა წერია „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში ჰააგასთან დაკავშირებით:
- ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში, რომელიც რომის სტატუტის წევრ ქვეყნებს აძლევს რეკომენდაციას, რომ მათ შეიძლება განიხილონ საქართველოში არსებული ვითარების გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC), "პოლიტიკური დევნის, წამებისა და სხვა არაადამიანური ქმედებების მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით".
რა არის რომის სტატუტი:
დოკუმენტი, რომლითაც შეიქმნა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC). საქართველო ამ სტატუტის წევრია, ნებისმიერ სხვა წევრ სახელმწიფოს აქვს უფლება, მიმართოს პროკურორს და მოითხოვოს საქართველოში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება.