როგორ პასუხობს "ოცნება" რუსეთის ანექსიის გეგმას
როგორ პასუხობს "ოცნება" რუსეთის ანექსიის გეგმას? - დღეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "ანექსიის ვერანაირ მცდელობას და ვერც ე.წ. აღიარების მცდელობას" არ შეურიგდებიან.
მთავრობის მეთაურის მტკიცებით, "მომავალში ძალიან პრინციპული პოლიტიკით გაგრძელდება მუშაობა".
როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკა. ვერ შევურიგდებით ვერც ანექსიის ვერანაირ მცდელობას და ვერც ე.წ. აღიარების მცდელობას. ჩვენ გვაქვს არაღიარების პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკა, რომელიც დაკავშირებულია ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის დაცვასთან. აქედან გამომდინარე, მომავალში ძალიან პრინციპული პოლიტიკით გაგრძელდება მუშაობა“,- განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით კი, საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა ოკუპაცია ანექსიაში არ გადაიზარდოს.
კითხვაზე, რა შედეგი მოიტანა "ოცნების" პოლიტიკამ და დუმილმა და შეიძლებოდა თუ არა, რომ „რუსეთის ანექსიურ პოლიტიკას”, მაგალითად, მისი მხრიდან მოჰყოლოდა ბრიფინგი, პაპუაშვილმა უპასუხა, რომ ყველა გამოწვევას აქვს სათანადო პასუხი.
ყველა გამოწვევას აქვს სათანადო პასუხი და სათანადო ინსტრუმენტი გამოიყენება. იქ, სადაც საჭიროა სიტყვით რეაგირება - ვიყენებთ სიტყვის რეაგირებას. იქ სადაც საჭიროა საქმით რეაგირება - არის საქმით რეაგირება; იქ, სადაც სამართლებრივი რეაგირებაა საჭირო სტრასბურგით - გამოიყენება. ყველა ეს ინსტრუმენტი სათანადო დროს, სათანადო აქტორის მიმართ გამოიყენება, სწორედ ამის შედეგია დღეს ის, თუ სად არის საქართველოს ეკონომიკურად ყველაზე მზარდი ქვეყანა, უსაფრთხოების მხრივ ყველაზე დაცული ქვეყანა და პოლიტიკურად ყველაზე მყარი ქვეყანა რეგიონში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ოკუპირებულ ცხინვალში მიმდინარე მოვლენებს ასევე გამოეხმაურა ლევან მახაშვილიც. "ოცნების" წევრი ამბობს, რომ ახლა მსვიდი და პრაგმატული პოლიტიკაა საჭირო, რომ ტერიტორიების ანექსია მოხდეს.
მთავარი საფრთხე სწორედ ის არის, რომ ოკუპაცია არ გადაითარგნოს ანექსიაში - ის რაც მოხდა უკრაინის ცალკეული ტერიტორიების შემთხვევაში. ჩვენი პოლიტიკა სწორედ ამით არის ნაკარნახევი, რომ მშვიდად, პრაგმატულად გადავდგათ ნაბიჯები ისე, რომ ანექსია არ მოხდეს ამ ტერიტორიების, ოღონდ ჩვენ ამას არ ვაპირებთ იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკით, რასაც ჩვენ ვხედავდით წინა ხელისუფლების დროს", - აცხადებს მახაშვილი.
ასევე ნახეთ:
- გაგლოევი ამბობს, რომ გადადის მოსკოვში, რათა "ხელი შეუწყოს სამხრეთ ოსეთის რუსეთთან გაერთიანებას"
- ნიკოლოზ სამხარაძე ალან გაგლოევის პუტინის მრჩევლად დანიშვნის ფაქტს "სერიოზულად" არ აღიქვამს
ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი გადადგა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მრჩეველი გახდა. ალან გაგლოევმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის შეთავაზებას დათანხმდა და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის „თანამდებობიდან“ გადადგომის შესახებ გამოაცხადა.
22 ივნისს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ოკუპირებული ცხინვალის გადამდგარი ე.წ. პრეზიდენტის, ალან გაგლოევის შეხვედრა გაიმართა. მათ ღრმა ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების რეალიზაცია განიხილეს, რომელსაც კრემლში 9 მაისს მოაწერეს ხელი.
მოგვიანებით, აღნიშნულს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნი, დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. “მთავრობის” ცვლილება ოკუპირებული რეგიონის რუსეთში შესაძლო შესვლას არ უკავშირდება.