"ან არ ესმით, ანი ისეთი ხისთავიანი დამოკიდებულება აქვთ, რომ არ უნდათ გაგება" - რას ამბობენ ოპოზიციაში "ჰააგის დეკლარაციასა" და "ოცნებაზე"
ოპოზიციის წარმომადგენლები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ "ჰააგის დეკლარაციის" მიღებას და კენჭისყრის დროს "ქართული ოცნების" დელეგაციის დარბაზიდან პროტესტის ნიშნად გასვლას ეხმაურებიან.
"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა 4 დღის მანძილზე უხსნიდა "ქართულ ოცნებას", რომ დემოკრატიულ პროცესებს უნდა დაუბრუნდნენ, გააუქმონ მიღებული კანონები და გაათავისუფლონ პრო-ევროპული აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირები.
თაზო დათუნაშვილმა ივანიშვილის გუნდის წევრების მიერ რეზოლუციის მიღების დროს საპარლამენტო ასამბლეის დატოვება საბჭოთა ბოლშევიკური დელეგაციის ტრადიციებს შეადარა.
4 დღეა მთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა უხსნის რამდენიმე გაუნათლებელ ქოცს, რომელიც აიდა ჰააგაში ეუთოს ასამბლეაზე, რომ ის მოთხოვნები, რომელსაც საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა უყენებს, რომ გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები იმიტომ, რომ არ შეიძლება, რომ გაიწვიონ უკან დრაკონული კანონები, რომლებიც ანგრევს საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს და წყობას, რომ დაუბრუნდნენ დემოკრატიულ პროცესს. ან არ ესმით, ანი ისეთი ხისთავიანი დამოკიდებულება აქვთ ზოგადად დიპლომატიურ პროცესთან, რომ არ უნდათ გაგება. დღეს, როცა რეზოლუცია უნდა მიიღონ, საბჭოთა ბოლშევიკური დელეგაციის საუკეთესო ტრადიციებში, ადგნენ და დატოვეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა. კრამიტები არავის არ დაუმტვრიონ აქეთ-იქით ლეწვა-ლეწვით," - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
პარტია "გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენელი, ანა ბუჩუკური განმარტავს, რომ "ოცნების" ხელისუფლებას დემოკრატიული სამყაროს არცერთი სახელმწიფო არ აღიქვამს.
მისი თქმით, "ოცნების" დელეგაციამ საერთაშორისო პლატფორმა "კორუფციული ძალაუფლების შენარჩუნებას" დაუთმო.
კორუფციული ძალაუფლების შენარჩუნებას დაუთმეს ამხელა საერთაშორისო პლატფორმა, ტყუილების ტირაჟირებას დაუთმეს. დღეს, "ოცნების" ხელისუფლება არის ხელისუფლება, რომელსაც არცერთი დემოკრატიული სამყაროს, არცერთი ჩვენი პარტნიორი წევრი სახელმწიფო არ აღიქვამს, როგორ შეიძლება აღიქვა ხელისუფალი, რომელიც კორუფციაზე, სისტემურ ძალადობაზე, ანტი-ეროვნულ და ანტი-დასავლურ პოლიტიკაზე დგას," - ამბობს ანა ბუჩუკური.
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, გიგა ლემონჯავა აღნიშნავს, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თქმით, შესაბამისი პირობების არარსებობის შემთხვევაში, "ვერცერთი შემდგომი არჩევნები ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად".
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ თქვა, რომ შესაბამისი პირობების არარსებობის შემთხვევაში, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის საჭირო პირობების არარსებობის შემთხვევაში ვერცერთი შემდგომი არჩევნები ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად და ეს გააკეთა იმ საერთაშორისო ინსტიტუტმა, რომლის ერთ-ერთი მთავარი ოფისიც, ოდირი არის არჩევნების ყველაზე უფრო სანდო შემფასებელი მთელი ცივილიზებული სამყაროს მასშტაბით," - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.
თენგო თევზაძე ამბობს, რომ "ოპოზიციურმა ალიანსმა" "ოცნებას" 6-პუნქტიანი გეგმა შესთავაზა, რომელიც კონკურენტული არჩევნებისთვის არის აუცილებელი.
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრის თქმით, პოლიტიკური პარტიებისა და პროტესტში მონაწილე საზოგადოების წინააღმდეგობა გაგრძელდება, ვინაიდან ამისთვის უკვე არსებობს "სამართლებრივი, პოლიტიკური და მათ შორის საერთაშორისო პოლიტიკური მტკიცებულებები".
ჩვენ შევთავაზეთ "ქართულ ოცნებას" 6-პუნქტიანი გეგმა, რომელიც არის სამართლიანი და კონკურენტული არჩევნებისთვის აუცილებელი. ვერცერთი მომდევნო არჩევნები ვერ ჩაითვლება სამართლიანად, თუ "ქართულ ოცნება" არ შეასრულებს ამ 6-პუნქტიანი გეგმას, არ შეწყვეტს რეპრესიებს და არ გამოუშვებს პოლიტპატიმრებს, ვინაიდან ეს პოლიტიკური პროცესი, პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგობა, პროტესტში მონაწილე საზოგადოების წინააღმდეგობა გაგრძელდება, ვინაიდან ამისთვის არსებობს უკვე სამართლებრივი, პოლიტიკური და მათ შორის საერთაშორისო პოლიტიკური მტკიცებულებები. ეს მტკიცებულება არის ის დეკლარაცია და ამ დეკლარაციის შემადგენელი რეზოლუცია, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო," - თქვა თენგო თევზაძემ.
შეგახსენებთ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ "ჰააგის დეკლარაცია" მიიღო - "ქართული ოცნების" დელაგაციამ კი კენჭისყრა პროტესტის ნიშნად დატოვა.