"ოცნების“ უსუსური მცდელობები, ძალიან ჰგავს ყველაზე ველური ავტორიტარული რეჟიმების მცდელობებს, ქვეყანა მოაქციონ სრულ იზოლაციაში - სიორიძე
„ქართული ოცნების“ მიერ ეუთო-ს დისკრედიტაციის მცდელობა ჰგავს ავტორიტარული რეჟიმის მცდელობას, ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში მოაქციოს - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ განაცხადა.
სიორიძის შეფასებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია ზუსტად ასახავს იმ კატასტროფულ მდგომარეობას, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით, განსაკუთრებით საარჩევნო უფლების დარღვევასთან მიმართებით.
„2024 წლის საპარლამენტო არჩევნები შეაფასა ეუთო-მ და ეს იყო ყველაზე კრიტიკული დასკვნა, რომელიც კი ქართულ არჩევნებზე დაწერილა და ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული, რაც კი ამ ორგანიზაციას ნებისმიერი ქვეყნის არჩევნებთან მიმართებით აქვს გამოქვეყნებული. „ქართული ოცნების“ ეს უსუსური მცდელობები, რომ ეუთო-ს დისკრედიტაცია მოახდინოს, მათი განცხადებები, რომ თითქოს ეუთო-მ დაკარგა სანდოობა, ძალიან ჰგავს ყველაზე ველური ავტორიტარული რეჟიმების მცდელობებს, რომ ქვეყანა მოაქციონ სრულ იზოლაციაში, რომ დემოკრატიის ფასადიც კი აღარ არსებობდეს. პარტიების აკრძალვა თუ საარჩევნო მდგომარეობის, საარჩევნო გარემოს გაუარესება არის ის ნაბიჯები, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება გადადგას ამ ქვეყანაში დემოკრატიის საბოლოო დასამარებისთვის, თუმცა ეს ნაბიჯები იქნება მათი პოლიტიკური დასამარებისთვის გადადგმული“, - განაცხადა სიორიძემ.
შეგახსენებთ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ "ჰააგის დეკლარაცია" მიიღო - "ქართული ოცნების" დელაგაციამ კი კენჭისყრა პროტესტის ნიშნად დატოვა.
დღეს კი ქართული ოცნების ლიდერმა, კახა კალაძემ განაცხადა: "როგორ უნდა მოიწვიო ასეთი ორგანიზაცია, რომ შეგიფასოს არჩევნები"