ბერდია სიჭინავა: თუ აფხაზეთში საწვავი შესულია როგორც ეკონომიკური ტვირთი, ეს შეიძლება საგანგაშო მაჩვენებელი იყოს
საწვავი ოკუპირებული აფხაზეთისთვის - “გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ბერდია სიჭინავა "ოცნებისგან პასუხებს ითხოვს.
მისი განცხადებით, პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, აღნიშნული ტვირთი მოხმარდა კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და ის ჰუმანიტარული მიზნებით დაიხარჯა, თუ მოხმარდა რუსეთის ფედერაციის სამხრეთ რეგიონების კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და ომის წარმოებას.
ბერდია სიჭინავას თქმითვე, თუ აფხაზეთში საწვავი შესულია, არა როგორც ჰუმანიტარული, არამედ როგორც ეკონომიკური ტვირთი, ეს შეიძლება ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოებისთვის საგანგაშო მაჩვენებელი იყოს.
აქ განსაკუთრებული არაფერია. აქ მთავარია, რომ პროცესი ფარულად მიმდინარეობს. არ ვიცით, რა ოდენობის საწვავის მიწოდებაზეა საუბარი, რომელი ბიზნეს სუბიექტები იყვნენ ჩართული და რა პროცედურების გავლით შევიდა საწვავი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე.
თუ საწვავი ოკუპირებულ აფხაზეთში შესულია როგორც ეკონომიკური ტვირთი და არა როგორც ჰუმანიტარული ტვირთი, თუ მას ე.წ. საბაჟო პროცედურები აქვს გავლილი ე.წ. საზღვარზე, რომელიც რეალურად საოკუპაციო ხაზია, ეს შეიძლება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოებისთვის საგანგაშო მაჩვენებელი იყოს - ამიტომ პასუხისმგებლობიანმა ხელისუფლებამ, პირველ რიგში, ამ კითხვებს უნდა გასცეს პასუხი! - ეს ტვირთი საბოლოო დანიშნულებით მოხმარდა კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და ჰუმანიტარული მიზნებით დაიხარჯა, თუ სამხრეთ რეგიონების რუსეთის ფედერაციის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და ომის წარმოებას", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
- ირაკლი კობახიძემ გუშინ დაადასტურა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიიდან კერძო კომპანიის მეშვეობით შევიდა.
- ამის შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა დაადასტურა, რომ საწვავი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა.