"ივანიშვილი თანდათან უფრო გვაახლოებს იმ სცენარს, რომელიც არის "მონანიებაში" - გიორგი სიორიძე
"ივანიშვილი თანდათან უფრო გვაახლოებს იმ სცენარს, რომელიც არის "მონანიებაში" - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა და ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ წერილს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებამ "მონანიების" პერსონაჟი - მიხეილ კორიშელი მოაგონა - "თითქოს ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ კორიშელის გზას უკუღმა გადის, მიხეილ კორიშელი ბოლოს გატყდება და მზად არის ყველაფერი აღიაროს".
პოლიტიკური და სინდისის პატიმრები ჰყავთ ხოლმე ისეთ სისტემებში, რომელიც ძალიან კარგად არის აღწერილი გენიალურ ქართულ ფილმში - "მონანიება" და დღევანდელი წერილის გაცნობის შემდეგ, მე კიდევ ერთხელ დამეუფლა ის შეგრძნება, რომ ივანიშვილი თანდათან უფრო გვაახლოებს იმ სცენარს, რომელიც არის "მონანიებაში", ისეთ ქვეყნად გვაქცია თავისი პოლიტპატიმრებით და თავისი ფსიქიკური ზეწოლის, წამების მეთოდებით, როგორიც ხდებოდა იმ ტოტალიტარულ პერიოდში, წითელი ტერორის დროს, რაც ალეგორიულად იყო აღწერილი მონანიებაში და ახლა ძალიან ვუახლოვდებით მსგავს განვითარებას მოვლენებისას.
თვითონ ირაკლი ღარიბაშვილმა, დღეს, მომაგონა "მონანიების" პერსონაჟი - მიხეილ კორიშელი, რომელიც კახი კავსაძემ განასახიერა ეკრანებზე. რაღაცნაირად, პირველადი შთაბეჭდილება ისეთია, თითქოს ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ კორიშელის გზას უკუღმა გადის, მიხეილ კორიშელი ბოლოს გატყდება და მზად არის ყველაფერი აღიაროს... ირაკლი ღარიბაშვილის შემთხვევაში მოხდა პირიქით - ის გაჩუმდა, მან მდუმარედ მიიღო ის სასჯელი, რომელიც უწყალობა ივანიშვილმა და ცოტა ხნის წინ იყო, როდესაც მისმა [ღარიბაშვილის] მეუღლემ ისეთი პოსტი გამოაქვეყნა, ივანიშვილის სამადლობელი, რომ ადამიანურად შეგეცოდებოდა..." - განაცხადა გიორგი სიორიძემ.
"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, რომ "ღარიბაშვილის საქმემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კრიმინალიც კი შეიძლება იყოს პოლიტიკური დევნილი".
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა, ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და ბიძინა ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა.