გალდავა გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრების განცხადებაზე: ეს არის საქართველოს მხარდამჭერი კიდევ ერთი აქტი

21.08.26 16:43
გალდავა გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრების განცხადებაზე: ეს არის საქართველოს მხარდამჭერი კიდევ ერთი აქტი

ეს არის საქართველოს მხარდამჭერი კიდევ ერთი აქტი,- ასე შეაფასა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა ლანა გალდავამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრების განცხადება.

მისი თქმით, ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენება დასტურია იმისა, რომ საქართველოს მეგობრები და მოკავშირეები ეროვნული ინტერესების მხარდასაჭერად მუდმივად მზად არიან.

„საქართველოს ნამდვილმა მეგობრებმა და მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს თავიანთი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, მოითხოვეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულება და რუსეთის ჯარების გაყვანა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. გაკეთდა მკაცრი აქცენტები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს ღრმა ანექსიური პროცესები. გამოხატეს საკუთარი შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის მოქალაქე არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის ხელმძღვანელი პირი. ამავდროულად, ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ საჭიროა სრულფასოვნად მუშაობდეს როგორც ჟენევის ფორმატი, ასევე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები. სრულად რომ შევაფასოთ, ეს არის საქართველოს მხარდამჭერი კიდევ ერთი აქტი, რაც იმის დასტურია, რომ ჩვენი მეგობრები და მოკავშირეები მუდმივად საქართველოს ეროვნული ინტერესების მხარდასაჭერად მომართული არიან“,- განაცხადა ლანა გალდავამ.

  • გაეროს უშიშროების საბჭომ 2008 წლის აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში არსებული ვითარება დახურულ ფორმატში („სხვადასხვა საკითხების“ პუნქტით) განიხილა. სხდომა საბჭოს ევროპელი წევრების - დანიის, საფრანგეთის, საბერძნეთის, ლატვიისა და გაერთიანებული სამეფოს ინიციატივით გაიმართა.
  • შეხვედრის დასრულების შემდეგ საერთაშორისო პარტნიორებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა და მკაცრად დაგმეს რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკა.