თენგიზ შარმანაშვილი ამბობს, რომ პარტიების აკრძალვის პროცესი "დააგვიანეს"
თენგიზ შარმანაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი "დააგვიანეს" - "ოცნების" წევრი დღეს ტელეკამერების წინ ირწმუნებოდა, რომ პარტიების აკრძალვა ივანიშვილის გუნდს ქართველმა ხალხმა დაუკვეთა.
"წინაასაარჩევნო პროპაგანდის შემდეგ, მილიონ ორასი ათასმა კაცმა მოგვცა ხმა. ანუ, მათ იცოდნენ, რას ვაპირდებდით და მილიონ ორასი ათასმა კაცმა გვითხრა, წადით და გააკეთეთო, ამიტომ გავაკეთებთ", - ამბობს შარმანაშვილი.
იქ მივდივართ, რომ დავამტკიცოთ, რომ ეს პარტია არის არაკონსტიტუციური. რას მოიტანს? - არაფერს. კონსტიტუციური განაწესის აღსრულებას მოითხოვს. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იანვარში მოხდებოდა ეს, დეკემბერში თუ ივნისში, ეს არის კონსტიტუციური პროცედურა. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ არჩევნებამდეც კი. საარჩევნო პროცესის ერთ-ერთი სლოგანი იყო, რომ ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებდით ამ კონსტიტუციურ პროცედურას და შევეცდებოდით დაგვემტკიცებინა საკონსტიტუციოში, რომ ეს ორგანიზაციები არის არაკონსტიტუციური. ამ ჩვენი წინაასაარჩევნო პროპაგანდის შემდეგ, ქართველმა ხალხმა, მილიონ ორასი ათასმა კაცმა მოგვცა ხმა. ანუ, მათ იცოდნენ, რას ვაპირდებდით და მილიონ ორასი ათასმა კაცმა გვითხრა, წადით და გააკეთეთ, ამიტომ გავაკეთებთ. შეიძლება დროში ცოტა გაიწელა, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ ეს ახლა დავაჩქარეთ. პირიქით, ბრალს გვდებდნენ, რომ ვწელავდით", - ამბობს თენგიზ შარმანაშვილი.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვას იწყებს, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს. სასამართლო სხდომები ბათუმში, 21, 22 და 23 ოქტომბერს, ზედიზედ არის ჩანიშნული. განხილვის დაჩქარებული გრაფიკი ევროკავშირის მხრიდან მწვავე კრიტიკას მოჰყვა.
გუშინ ამ საკითხს ფბ- ლაივში გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილი და "ქართული ოცნება" ჰიტლერის გერმანიას და მუსოლინის ფაშისტურ რეჟიმს შეადარა. მეხუთე პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთსაც კი ამ ფორმით არ აუკრძალავს ოპოზიციური პარტიები.
სალომე ზურაბიშვილისთვის ამგვარი გადაწყვეტილება "ოცნების" სისუსტის მანიშნებელია. "არასოდეს არ არის ასეთი ახირება სიძლიერის ნიშანი, პირიქით, ეს ყოველთვის არის სისუტის ნიშანი" - ამბობს ზურაბიშვილი.