სხვას არც უნდა ელოდო ქვეყანაში გავრილოვის ჩამომყვან ,,ამხანაგ კობახიძისგან" - მამუკა ხაზარაძე
,,ლელოს" ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს, მიჩნია, რომ ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, ანტიდასავლური განცხადება ახალისებს ქვეყანაში არსებულ პრორუსულ ძალებს. ხაზარაძეს მიაჩნია, რომ აღნიშნული ქმედებით საქართველოში ეკონომიკური ზრდა და უცხოური ინვესტიციების შემოსვლას დიდი საფრთხე ექმნება.
"ამხანაგი კობახიძის" ანტიდასავლური, არამეგობრული განცხადებები ჩვენი პარტნიორების მისამართით სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის და პრორუსული ძალების წახალისება, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების მიმართ უნდობლობის დანერგვა, საზოგადოებაში ნიჰილიზმის გაჩენა. იმის შეპარვით მტკიცება, რომ დასავლეთი და ევროპა ჩვენს პრობლემებს ვერ მოაგვარებენ და ისევ ჩრდილოელი მეზობელი დაგვეხმარება. ალბათ, სხვას არც უნდა ელოდე ქვეყანაში გავრილოვის ჩამომყვანისგან.
ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესია სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა.
ჩვენი თვითმყოფადობის გადარჩენის ერთადერთი გარანტი დღეს ქართველი ხალხი და ცივილიზებული სამყაროა.
ასეთი განცხადებები, მმართველი პარტიის თავმჯდომარისგან, უცხოური ინვესტიციების შემოსვლას, სამუშაო ადგილების გაჩენას და ეკონომიკის სწრაფ ზრდას შეუძლებელს ხდის - აცხადებს მამუკა ხაზარაძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ,,უსამართლოს და არასწორს" უწოდებს. საქმე ეხება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებულ კომენტარს, სადაც დასავლელმა პარტნიორებმა მმართველი გუნდი გააკრიტიკეს.
ირაკლი კობახიძის თქმით, მსგავსი შეფასებები დასავლელი პარტნიორების მიმართ ქართული საზოგადოების ნდობას ასუსტებს.