UNESCO არ გახლავთ საგამოძიებო ორგანო - შალვა პაპუაშვილი ლაშქარავაზე
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი UNESCO-ს მოკლულ ჟურნალისტთა სიაში ,,ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას, შეყვანის ფაქტს ეხმიანება. შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ UNESCO არ არის საგამოძიებო ორგანო და იქ არსებულ ინფორმაციაში გარკვეული უზუსტობებია.
იუნესკო ზოგადად აწარმოებს სიას, როდესაც ხდება ჟურნალისტების გარდაცვალება. ამ შემთხვევაში, მე როგორც ვნახე, არის მოკითხული მთავრობაში, რა ვითარება იყო ამასთან დაკავშირებით. შსს, პროკურატურა ამაზე გააკეთებენ განცხადებას, ამაზე გამოძიება მიმდინარეობს, ჩატარებულია ექსპერტიზა, მე რამდენადაც ვიცი, ეს ექსპერტიზა დასრულებულია.
სამწუხაროა, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მით უმეტეს ამ შობის დღესასწაულზე, ახდენენ ადამიანის სიკვდილით სპეკულირებას.
იუნესკოს ეს სიაა ღიაა და იქ წერია, რომ არის მოკითხული მთავრობასთან, რა ვითარებაში გარდაიცვალა ეს ოპერატორი. იუნესკო არ გახლავთ საგამოძიებო ორგანო და ამასთან დაკავშირებით, დასკვნებს არ აკეთებს. ეს არის იქ ღია საკითხად მითითებული, არის გამოგზავნილი საკითხი მთავრობასთან და ელოდებიან პასუხს. იქ გარდაცვალების თარიღად წერია 5 ივლისი, რაც არ არის სწორი. 11 ივლისს გარდაიცვალა. - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
UNESCO-მ ლექსო ლაშქარავა 2021 წელს მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა.