ჩემი ოჯახის რეპუტაციისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ, მათ შორის, სტრასბურგშიც - ვატო წერეთელი
"ტვ პირველის" დამფუძნებელი, ვატო წერეთელი საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ვატო წერეთელი ამბობს, რომ ის სიმართლის დასამტკიცებლად სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც გაგზვანის სარჩელს, მას შემდეგ რაც საქართველოში ყველა ინსტანცია ამოიწურება.
ტელევიზიას და პირადად მე მომიწყვეს ჯოჯოხეთური 3 წელი, ეს იყო ჩემი ოჯახისთვის შტურმი. ვერ გააჩერებენ და ვერ გადაიყვანენ ვერანაირ ტრენდზე "ტვ პირველს". ის 7 წელი რაც მიუსაჯეს, კი არის ხანდაზმული, მაგრამ ჩემი ოჯახის რეპუტაციისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ დაწყებული საქართველოდან დამთავრდებული სტრასბურგით", - ამბობს ვატო წერეთელი.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, მამუკა ხაზარაძესა, ბადრი ჯაფარიძეს და ავთანდილ წერეთელს 7 წლით პატიმრობა მიესაჯათ, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, ისინი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდნენ.
აღსანიშნავია, რომ მუხლი, რომელიც ფულის გათეთრებას გულისხმობდა, მოსამართლემ გადააკვალიფიცირა და თაღლითობის მუხლით შეცვალა. კერძოდ, გიორგი არევაძემ ისინი სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით ცნო დამნაშავედ, რაც წინასწარი შეთანხმებით, დიდი ოდენობით თაღლითობას გულისხმობს.
ამასთან მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათ განესაზღვრათ გირაო და აეკრძალათ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა.
თიბისი ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება 2008 წელს გაკეთებული ტრანზაქციის საქმეზე პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, მომდევნო წლის ივლისში კი მათ ბრალი წარუდგინათ. მათ 17 მილიონ დოლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას ედავებოდა.
"ტვ პირველის" დამფუძნებელს, ავთანდილ წერეთელს კი პროკურატურა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებაში ადანაშაულებს.