რას ელოდება "ოცნება" რუსეთისგან - კობახიძის კომენტარი
რას ელოდება "ქართული ოცნება" რუსეთისგან - ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მოლაპარაკებები რუსეთთან იმ დროს, როდესაც ქვეყნის 20 % ოკუპირებულია, არ განიხილება და რომ ფრენების აღდგენასთან და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ოკუპანტმა ქვეყანამ გადაწყვეტილება ცალმხრივად მიიღო.
"ურთიერთობებში არსებობს პრინციპული პრობლემა, რომელიც უკავშირდება ჩვენი 2 ისტორიული რეგიონის ოკუპაციას, ეს არის აფხაზეთი, ეს არის სამაჩაბლო, ასეთ ვითარებაში ასეთი კითხვების დასმაც არ მგონია მე სწორი. ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის ხელისუფლებამ ფრენების აღდგენის თაობაზე, აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი არ ყოფილა კონსულტაციების საგანი, როგორც ცალმხრივად შეწყვიტეს ფრენები 2019 წელს, ასევე ცალმხრივად აღადგინეს" - ირაკლი კობახიძე.
რუსეთთან ფრენების დაწყებამდე ერთი დღე რჩება - ხვალ უკვე მოსკოვიდან განხორციელდება პირველი ოფიციალური ფრენა მოსკოვი- თბილისის მიმართულებით, რომელსაც ავიაკომპანია "აზიმუტი" განახორციელებს.
მოსკოვიდან თბილისში რუს ტურისტებთან ერთად, "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატები მოფრინავენ, მათ შორის არის თემურ მაისურაძე. ადამიანები, რომლებიც არასამთავრობოების სახელით და სავარაუდოდ, "ოცნების" დავალებით, მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ რუსეთთან.
თემურ მაისურაძე პირდაპირ ამბობს, რომ სწორედ ამ არასამთავრობოების დამსახურებაა, რომ საქართველოსთან ფრენები აღდგა.