"ჩვენ ამ პროცესში მონაწილეობა არ მიგვიღია" - დარჩიაშვილი პუტინის სკანდალურ მხილებაზე

27.05.23 14:06
"ჩვენ ამ პროცესში მონაწილეობა არ მიგვიღია" - დარჩიაშვილი პუტინის სკანდალურ მხილებაზე

პრემიერის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრიც უარყოფს, რომ ფრენების აღდგენა და ვიზების გაუქმება პუტინს "ოცნების" ხელისუფლებამ სთხოვა.

დარჩიაშვილის თქმით, მათ არანაირი ძალისხმევა არ გაუწევია, რომ რუსეთის პრეზიდენტს ეს გადაწყვეტილება მიეღო.

"ჩვენ ფრენებთან დაკავშირებით არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენ ამ პროცესში, არც სავიზო შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით და არც ფრენებთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნაზე, არანაირი ძალისხმევა არ გაგვიწევია, ეს არაერთხელ ვთქვით, ყველა დონეზე იქნა ამის შესახებ კომენტარი გაკეთებული.

ჩვენ ვრჩებით ჩვენი განცხადებების ფორმატში, ჩვენი განცხადებების მთავარი ლაიტმოტივი რაც იყო მაშინ, რომ ჩვენ ამ პროცესში მონაწილეობა არ მიგვიღია და ახლაც იმავეს გიდასტურებთ", - განაცხადა მან.

პუტინის სკანდალური მხილება - რუსეთის პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ ფრენების აღდგენა და ვიზების გაუქმება თავად სთხოვა.