"წარმოუდგენელი, მოგონილი ამბავია" - მდინარაძე რუსეთში ბიზნესელჩის დანიშვნაზე
ვინ მოავლინა საქართველოდან რუსეთში ბიზნესელჩი? - "ქართული ოცნება" კითხვას არ პასუხობს. მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ ფაქტი "ტვ პირველმა" მოიგონა და ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
თქვენ ისეთ რაღაცეებს ლაპარაკობთ ხოლმე, პასუხის გაცემა ჭირს, იმიტომ, რომ ხან უტრირებთ, ხან იტყუებით, ხან რაღაცეებს შვებით, ამიტომ მოდი, მე გავეცნობი ამ ინფორმაციას, ასე იყო თუ არა, მერე ვნახავ თქვენ მოიტყუეთ თუ არა ახლა, რასაც ბრძანებთ და შემდეგ გაგცემთ პასუხს. წარმოუდგენელი ამბავია, თქვენი მოგონილი ამბავია, - ამბობს მდინარაძე.
საქართველომ რუსეთში ბიზნეს ელჩი დანიშნა. სკანდალური ინფორმაცია მოსკოვში, ვლადიმარ პუტინის ბიზნესწრეებთან შეხვედრიდან გახდა ცნობილი. რომან ბოკერიამ ოკუპანტ ქვეყანის პრეზიდენტს ქედი მოუხარა და უთხრა, რომ ის "საქართველოს ბიზნეს ელჩია რუსეთში". სწორედ ბოკერიას კითხვის საპასუხოდ თქვა პუტინმა, რომ ფრენების აღდგენას და ვიზების გაუქმებას საქართველოს ხელისუფლება სთხოვდა.