გიგაურის ამ ჭორ-მონათხრობს არ აყვეთ - ზარდიაშვილი სკანდალურ კვლევაზე
„გიგაურის ამ ჭორ-მონათხრობს არ აყვეთ“, - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სკანდალურ კვლევას მტავარი ადრესატი, ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი მწვავე კრიტიკით პასუხობს.
ვანო ზარდიაშვილი სავარაუდო ნეპოტიზმსა და ფავორიტიზმში მხილების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციას აკრიტიკებს და თავის დაცვას ცდილობს. ზარდიაშვილი არ უარყოფს, რომ გავლენიანი მოსამართლეების, ქართული ოცნების დეპუტატების და თავისი ოჯახის წევრები ჰყავს სახელმწიფო ელექტროსისტემაში დასაქმებული, თუმცა, ამ ფაქტებს სხვანაირად ხსნის.
ჟურნალისტებთან ვანო ზარდიაშვილი ამტკიცებს, რომ ყველა კადრი, რომლის დასაქმებასაც გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია სავარაუდო ნეპოტიზმთან აკავშირებს, სიმართლეს არ შეესაბამება და ყველა მათგანს მაღალი კვალიფიკაცია აქვს.
კონკრეტულად გელა ოხანაშვილი თუ გაინტერესებთ, ეს არის ადამიანი, რომელიც წარმოუდგენლად რთულ სამუშაოს აკეთებს მაღალმთლიან აჭარაში - ხულოში, ქედაში, ხელვაჩაურში დადის 24 საათის განმავლობაში და ფასდაუდებელ შრომას უწევს ჩვენს სამშობლოს და ჩვენს უწყებას. რაც შეეხება დანარჩენებს, ბევრი მათგანი არის ევროპაში უნივერსიტეტდამთავრებული დიდი სამუშაო გამოცდილებით და პრინციპში, თითოეული მათგანი „მოპარული“ გვყავს სხვადასხვა უწყებებიდან და დიდი თხოვნებით გვყავს წამოყვანილი, რომ ჩვენი სამსახურის ინტერესები მაქსიმალურად კვალიფიციურად და ეფექტურად შევასრულოთ. დიმიტრი გვირიტიშვილის მეუღლე არის ძალიან ღირსეული, პროფესიონალი გოგონა, რომელიც მარტლა გეუბნებით ფასდაუდებელ სამუშაოებს ასრულებს,“ - ამბობს ზარდიაშვილი.
სავარაუდო ნეპოტიზმისა და ფავორიტიზმის შემთხვევები საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" სავარაუდო დანაშაულებრივი სქემა გაშიფრა.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებულია „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, პარლამენტში ე.წ. მოსამართლეთა კლანის ინტერესების გამტარებელი ვანო ზარდიაშვილი.
გარდა ვანო ზარდიაშვილისა, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში დასაქმებულები არიან სასამართლო კლანის წარმომადგენლებთან დაკავშირებული 6 ადამიანი. მათ შორის, ვანო ზარდიაშვილის რძალი - თამთა თაბუკაშვილი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, გიორგი მიქაუტაძის ბიძაშვილი. სავარაუდოდ ნეპოტიზმის ნიშნით დასაქმებულთა შორისაა გავლენიანი მოსამართლის დიმიტრი გვრიტიშვილის ცოლი.