გთხოვთ, უარი თქვათ პროტესტის რადიკალურ ზომებზე - "ჯორჯიან მანგანეზი" მორიგ მიმართვას ავრცელებს

22.06.23 20:37
გთხოვთ, უარი თქვათ პროტესტის რადიკალურ ზომებზე - "ჯორჯიან მანგანეზი" მორიგ მიმართვას ავრცელებს

"გთხოვთ, უარი თქვათ პროტესტის რადიკალურ ზომებზე" - ჯორჯიან მანგანეზი მორიგ მიმართვას ავრცელებს. კომპანია თანამშრომლებს, რომლებიც თითქმის ორი კვირაა გაფიცულები არიან, დიალოგისკენ მოუწოდებს.

საგანგებო მიმართვაში ჯორჯიან მანგანეზი ისევ ხაზს უსვამს, რომ ჭიათურის საწარმოები ზარალის მომტანია, თუმცა მზაობას გამოხატავენ მუშაობის გაგრძელების.

კომპანია ჯორჯიან მანგანეზი კიდევ ერთხელ გამოთქვამს უდიდეს სურვილსა და მზაობას, გააგრძელოს მოლაპარაკებები ჭიათურის საწარმოების იმ თანამშრომლებთან, რომლებმაც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს.

ჩვენთვის ყველა თანამშრომელი თანაბრად მნიშვნელოვანია, ისინი ვინც წარმოების განახლებას ელოდებიან და ისინი ვისთვისაც შეცვლილი სამუშაო გრაფიკი უკმაყოფილების მიზეზი გახდა.

გთხოვთ, დავუბრუნდეთ მოლაპარაკებების მაგიდას და ყველამ ერთად ვიმსჯელოთ გამოსავლის გზებზე. დღეს ჭიათურის საწარმო გარდაუვალი ტრანსფორმაციის წინაშე დგას. ამ ვითარებაში ჩვენს შორის ურთიერთნდობის აღდგენა უმთავრესია.

კომპანია ღიად ასაბუთებს ჭიათურის საწარმოების ზარალიანობას, მაგრამ მზად არის ჭიათურისა და მისი მაცხოვრებლების კეთილდღეობისთვის სრული დატვირთვით გააგრძელოს მუშაობა. რისთვისაც თქვენი ჩართულობა და ორმხრივი კომპრომისი უმნიშვნელოვანესია.

გთხოვთ, უარი თქვათ პროტესტის რადიკალურ ზომებზე. ის დაძაბული ვითარება, რომელიც დღეს ჭიათურაშია გვაზიანებს თითოეულ ჩვენგანს, განსაკუთრებით ჭიათურას, რადგან ამ ადამიანების უკან დგანან ოჯახები, მათი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა.

მიგვაჩნია და დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენც მზად ხართ მოლაპარაკების რეჟიმში დასაბრუნებლად. სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ კონსტრუქციული დიალოგი და შეთანხმებაა. ყველას გვსურს, განახლდეს წარმოება და დავუბრუნდეთ ჩვენს სამუშაო ადგილებს," - წერია განცხადებაში.

ყურადღების ცენტრში ერთდროულად არის თბილისი და ჭიათურაც. დედაქალაქის ცენტრში 40 მაღაროელის უწყვეტი პროტესტი გრძელდება. მათგან 4 მოშიმშილეა. ურთულესი ვითარებაა ჭიათურაშიც. პარალიზებული მაღაროების ასობით თანამშომელი ამ დრომდე ქუჩის აქციებს აგრძელებს. 

პროტესტიდან მე-17 დღეს სოციალურ ქსელებში მაღაროელების გაშავების კამპანია დაიწყო - გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თვალებამოკერილ მაღაროელს გიორგი კუპატაძეს ხელფასი 3500 ლარი აქვს, მაღაროელებული მათ წინააღმდეგ აგორებულ ბინძურ კამპანიას უწოდებენ. 

მსგავსი სიახლეები