სასამართლომ TikTok-ზე ვიდეო წვრილმან ხულიგნობად, სამართალდამცავის შეურაცხყოფად მიიჩნია - საია გადაწყვეტილებას აქვეყნებს
ფიზიკური ანგარიშსწორება და ჯარიმა TikTok პლატფორმაზე გამოთქმული მოსაზრებების გამო - საია საქალაქო სასამართლოს დადგენილებას ასაჯაროებს, რომლის მიხედვითაც პირი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნეს სწორედ Tik-Tok-ში გავრცელებული კრიტიკული ვიდეოს შინაარსის გამო.
📣 საკითხის მიმართ მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, ვასაჯაროვებთ თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებას, რომლის მიხედვითაც პირი ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად „Tik-Tok”-ში გავრცელებული კრიტიკული ვიდეოს შინაარსის გამო.
🔴 სასამართლომ პირის ქმედება მიიჩნია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების სიტყვიერი შეურაცხყოფა) მუხლების დარღვევად.
🔴 დადგენილების თანახმად, „სასამართლო ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მის გინებას არ ჰყოლია კონკრეტული ადრესატი, ამავე დროს, მისივე განმარტებით, პოლიციის თანამშრომლების მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, რის გამოც მისი ქმედება არ ექცევა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების არეალში. სასამართლო მიიჩნევს, რომ პირის მიერ 2022 წლის 10 დეკემბერს ჩადენილი ქმედება, კერძოდ, სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეოში ასახული სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების სიტყვიერი შეურაცხყოფა მოიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციით განსაზღვრულ ქმედებას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ხსენებული ვიდეო შეიცავს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების სიტყვიერ შეურაცხყოფას მათი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებიდან გამომდინარე. ეს ვიდეო სოციალურ ქსელში ნანახი იქნა კონკრეტული პოლიციელის მიერ და აღქმული იქნა შეურაცხყოფად, რასაც მოჰყვა შესაბამისი შედეგი - სამართალდამრღვევი პირის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენა.“
ა.ს.კ.-ის 166-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით სასამართლო უთითებს, რომ „დაცული სიკეთე - საზოგადოებრივი წესრიგი და მოქალაქეთა სიმშვიდე შეიძლება ხელყოფილი იქნას როგორც ჩვეულებრივი თავშეყრის ადგილას, ასევე სოციალური ქსელით (რომელიც, როგორც უკვე შეფასდა, საზოგადოების თავშეყრის ადგილია), რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ,,Tik Tok-ის“ მომხმარებელი, რომელიც საზოგადოების წევრია, უნდა დავავალდებულოთ, რომ არ შეხედოს, არ წაიკითხოს, არ მოუსმინოს და არ აღიქვას სხვა მომხმარებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოცემულ შემთხვევაში ხულიგნობა), რაც საზოგადოებრივ წესრიგსა და სიმშვიდეს უდავოდ არღვევს“, - წერია საიას განცხადებაში.
საქმე ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, როდესაც პირველი ინსტანციის მოსამართლემ 2 000 ლარით დააჯარიმა კურიერი Tik-Tok-ის პლატფორმაზე განთავსებული ვიდეოს შინაარსის გამო. ვიდეოს ავტორი აკრიტიკებს პოლიციელებს, ბასლაინში მოძრაობის გამო - "შერჩევითად აჯარიმებენ მოქალაქეებს, ხოლო სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებსა და მათთან დაახლოებულ პირებს დარღვევაზე პასუხს არ სთხოვენ".
მოქალაქე ამტკიცებდა, რომ მასზე შური იძიეს იმიტომ, რომ ვიდეოში შეურაცხყოფას აყენებდა ღარიბაშვილს და კალაძეს. მოსამართლემ TikTik-ი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილად ჩათვალა, ხოლო პოლიციელთა მიმართ გამოთქმულ მოსაზრებას "სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების სიტყვიერ შეურაცხყოფა" უწოდა.
დღეს კი თბილისის მერიამ ამ ინფორმაციას სრული ტყუილი უწოდა.