სარჩელის მიზანი არის ის, რომ დიდი თანამდებობის პირებმა არ უნდა მიაყენონ ადამიანს შეურაცხყოფა იმის მიუხედავად, როგორ ხასიათზე არიან - გრიგორიადისის ბაბუა
ლაზარე გრიგორიადისი ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ - მარტის აქციების დროს დაკავებული ახალგაზრდის ოჯახი განმარტავს, რატომ მიიღეს გადაწყვეტილება პრემიერისა და ქართული ოცნების თავმჯდომარის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის.
გრიგორიადისის ბაბუის, გია კალანდაძის თქმით, ეს სარჩელი მაგალითი უნდა იყოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის იმ კუთხით, რომ არ შეიძლება ადამიანების რეპუტაციის შელახვა და დემონიზება.
ამ სარჩელის მიზეზი და მიზანიც არის მხოლოდ ერთადერთი, რომ დიდი თანამდებობის პირებმა არ უნდა მიაყენონ ადამიანს შეურაცხყოფა იმის მიუხედავად, როგორ ხასიათზე არიან ან როგორი განწყობა აქვთ ვიღაცების მიმართ. არ შეიძლება ადამიანის შუერაცხყოფა დაუდასტურებელი ფაქტების გარეშე და გინდაც, ასე იყოს, მაინც არ შეიძლება დაკნინება ადამიანის,“ - ამბობს გრიგორიადისის ბაბუა.
ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ ბრალდებულისთვის მორალური ზიანის მიყენებისთვის სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, დაცვის მხარე მათგან საჯაროდ ბოდიშის მოხდასა და მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, 15-15 ლარის ოდენობით თანხის გადახდას ითხოვს.