გაყალბებულია, კენჭისყრის შედეგები უნდა გაუქმდეს - ბექა ლილუაშვილი ვეტოს დაძლევაზე

10.07.23 14:22
გაყალბებულია, კენჭისყრის შედეგები უნდა გაუქმდეს - ბექა ლილუაშვილი ვეტოს დაძლევაზე

„რეგლამენტის და კანონის დარღვევით მოხდა ვეტო-ს დაძლევა, მოხდა გაყალბება“, - ეს განცხადება პარტია საქართველოსთვის წევრმა ბექა ლილუაშვილმა „დღის ამბებთან“ გააკეთა.

დეპუტატი „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმაურება და ამბობს, რომ პროცესები, რომელიც სხდომათა დარბაზში განვითარდა, ვეტოს გაყალბებას ადასტურებს. ლილუაშვილი იხსენებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ გირჩის წევრის სანდრო რაქვიაშვილის განცხადებაზე სათანადო რეაგირება არ მოახდინა.

ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ საჭიროა ვეტოს დაძლევის პროცესის ხელახლა განხილვა, გამოკვლევა და თუ დადასტურდება, რომ კენჭისყრა გაყალბებულია, მაშინ, პროცედურები ხელახლა უნდა დაიწყოს.

თუ "ქართულ ოცნებას" ეს ჰქონდა დაგეგმილი და როგორც ჩანს, შესაძლოა, ასეთი გეგმა ნამდვილად არსებობდა, მიზეზი აბსოლუტურად მეორეხარისხოვანია, თუ რატომ განახორციელა ამ ფორმით თუ შეეძლო სხვა ფორმით ან სხვა დროს, ჩაეტარებინა კენჭისყრა. მიზეზს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ფაქტი არის ის, რომ სავარაუდოდ, კანონმდებლობის დარღვევით იქნა ასეთი მნიშვნელობის მქონე კანონის მიღება და შესაბამისად, თუ ამ დარღვევას ჰქონდა ადგილი, ბუნებრივია, კენჭისყრის შედეგები უნდა გაუქმდეს და ახლიდან მოხდეს შესაბამისი პროცედურის წარმართვა, სხვა საკითხია პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ თემებთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ყურად არ იღო კოლეგა დეპუტატის მიერ საკითხის საეჭვოდ დაყენების ამბავი და რაც ევალებოდა, პროცედურულად განეხორციელებინა, ამ ნაბიჯების გადადგმაზე უარი განაცხადა,“ - ამბობს ბექა ლილუაშვილი.

პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსზე" პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები 3 ივლისს განიხილა და პრეზიდენტის ვეტო დაძლია. შესაბამისად, პრეზიდენტის ნაცვლად ქვეყანაში ცესკოს თავმჯდომარეს და წევრებს პარლამენტის თავმჯდომარე შეარჩევს. პრეზიდენტის ადმინისტრაცია „საარჩევნო კოდექსზე“ ვეტოს დაძლევის პროცედურასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართავს და 3 ივლისს ჩატარებულ კენჭისყრაზე ინფორმაციას ითხოვს

პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით რომ პროცედურული დარღვევებია, ამაზე გირჩის ლიდერი სანდრო რაქვიაშვილი რამდენიმე დღეა, საუბრობს. დეპუტატის ინფორმაციით, ვეტოს დაძლევას 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მათ შორის, 2 იყო "ევროპული სოციალისტებიდან" და 9 "ხალხის ძალიდან". შესაბამისად, "ქართული ოცნების" მხარეს ვეტოს დასაძლევად 67 დეპუტატი სჭირდებოდა, თუმცა დარბაზში რეალურად "ოცნების" მხოლოდ 61 დეპუტატი იმყოფებოდა.

მსგავსი სიახლეები