"მივმართავ ღარიბაშვილს, ინამუსე და წადი" - ვაშაძე "შაბათის ეთერს" მადლობა უხდის

10.09.23 11:42
"მივმართავ ღარიბაშვილს, ინამუსე და წადი" - ვაშაძე "შაბათის ეთერს" მადლობა უხდის

მივმართავ ღარიბაშვილს, ინამუსე და წადი - "ნოდარ მელაძის შაბათში" ღარიბაშვილის სკანდალზე გასულ საგამოძიებო რეპორტაჟს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა.

ვაშაძე გახრწნილების პიკს უწოდებს ღარიბაშვილის ჩარტერების სკანდალს.

მისი თქმით, პრემიერი არის იმ სისტემის სახე რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა.

ვაშაძემ კიდევ ერთხელ გადაუხადო მადლობა ნოდარ მელაძეს პრემიერის შესახებ სკანდალური ფაქტებისა და მტკიცებულებების გამოქვეყნების გამო.

გუშინ, ნოდარ მელაძის გადაცემაში ჩვენ ვნახეთ, თუ რა დონეზე გახრწნილია სისტემა. გახრწნილების პიკი, ასე შეიძლება ვუწოდოთ იმ ჩარტერების სკანდალს, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. პრემიერი, რომელსაც არ სცალია შოვისთვის, არ სცალია გურიაში დაზარალებული მოსახლეობისთვის, პირდაპირ საბოტაჟშია ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან და თავისი პირადი მიზნებისთვის იყენებს სახელმწიფო ხარჯებს და იმ ხალხის გადასახადებს, რომლისთვისაც უნდა ეშველათ, როდესაც შოვის ტრაგედიის დროს მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, გახრწნილების პიკი მართლა. მეგობრებო, ეს არ არის ის საქართველო, რომელიც ჩვენ გვინდა რომ ავაშენოთ. ღარიბაშვილი დღეს არის სახე იმ სისტემის, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა. ჭამეთ, ძარცვეთ ქვეყანა და ხალხი - მთავარია იყავით ჩემი ერთგულები და რუსული დავალება შეასრულეთო - აი ეს არის შინაარსი იმის, რაც ჩვენ ვნახეთ. რამდენი ბავშვი მივა სექტემბერში სკოლაში დახეული ფეხსაცმლით, რამდენ ბავშვს არ ექნება ტანსაცმელი თუ წიგნი და პრემიერის შვილისთვის კი თურმე ჩარტერული რეისები არის ხელმისაწვდომი, რომ სპეცრეისით ამერიკაში გაფრინდეს. ეს არის ის უსამართლობა რაც დღეს ქვეყანაში ხდება. იმ დონეზე არიან რომ უზარმაზარ წვეულებებს აწყობენ, აბა ახლა პატარა დაბადების დღეს ხომ არ გადაიხდის პრემიერის მეუღლე. შვილი სპეცრეისით უნდა წაიყვანო, აბა ახლა ჩვეულებრივ თვითმფრინავში ხომ არ ჩაჯდება, ხომ არ ეკადრება მას ეს ყველაფერი. ეს არის სწორედ რუსული სტანდარტით ქვეყნის მართვა, როდესაც ხალხი არის უბედურებაში, ხოლო ელიტა არის ზემდიდარი. ცალ-ცალი კალოშით მოსული ადამიანები დაეპატრონნენ დიდძალ ქონებას ხალხის ხარჯზე,  ამიტომ რა არის ევროკავშირი ამაზე უნდა დავფიქრდეთ ჩვენ, ევროკავშირი არის, რომ პასუხი ვაგებინოთ ასეთ ქმედებაზე ასეთ ადამიანებს. ასეთი პრემიერ-მინისტრით ჩვენ ევროკავშირის წევრი ვერ გავხდებით.

მივმართავ ღარიბაშვილს, ინამუსე და წადი, გეყო რაც ძარცვე ეს ქვეყანა, შეეშვი ამ ქვეყანას. ბოლოს მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ნოდარ მელაძეს, მაკა ანდრონიკაშვილს, რომ არა თქვენ, ალბათ, ჩვენ არ გვექნებოდა შესაძლებლობა გვენახა, თუ რა დონის გახრწნილია სისტემა. ივანიშვილის სტანდარტი არის გახრწნილება, ჩვენი ევროპული და ქართული სტანდარტი უნდა იყოს პატიოსნება და ძლიერი ქვეყნის მშენებლობა ". - განაცხადა ვაშაძემ.

 "ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში" გასული სკანდალურ გამოძიება, ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერულ რეისზე, ამერიკულ ძვირადღირებულ არდადეგებზე და ნუნუკა თამაზაშვილის ციხე-სიმაგრეში გადახდილ დაბადების დღეზე პოლიტიკური განხილვის მთავარ ამბად იქცა. 

მსგავსი სიახლეები