უნდა გასაჯაროვდეს ვის მიერ არის ეს სახსრები გადახდილი და დაიწყოს გამოძიება - ქურდოვანიძე პრემიერის სკანდალზე
საიას თავმჯდომარე აცხადებს, რომ პრემიერის მიერ სახელმწიფო თვითმფრინავის პირადი მიზნებისთვის გამოყენების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება უნდა დაიწყოს და გასაჯაროვდეს რეისის დაფინანსებაზე დოკუმენტაცია
ნონა ქურდოვანიძის შეფასებით, მდგომარეობას ვერ ამსუბუქეს ის შემთხვევაც, თუკი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მომხდარა, რადგან კითხვები ჩნდება პრემიერის შემოსავალზე.
„პრემიერ-მინისტრი თავს უფლებას, რომ აძლევს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული თვითმფრინავი პირადი მიზნებისთვის გამოიყენოს, ძალიან დიდი პრობლემაა. თუ რეისის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მომხდარა, ეს მდგომარეობას ვერ ამსუბუქებს, რადგან კითხვები ჩნდება საიდან აქვს პრემიერს ამხელა შემოსავალი. ამ საკითხებით გამოძიება უნდა დაინტერესდეს.
ქონებრივი დეკლარაცია არ არის ის ფორმა, რომლითაც ასეთ კითხვებზე პასუხებს მიიღებს საზოგადოება. მით უფრო, რომ პრემიერს მისი შევსება 2024 წელს მოუწევს.
სულ მცირე, ახლავე უნდა გასაჯაროვდეს:
სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულება, რომელიც დაადასტურებს, რომ პრემიერმა ასეთი მომსახურება მართლაც შეიძინა. ხელშეკრულებაში უნდა ეწეროს მომსახურების ღირებულება;
საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი, სადაც ჩანს, ვის მიერ არის ეს სახსრები გადახდილი. იმედია, სააგენტო ამგვარ მომსახურება განვადებით არ აფორმებს” , - წერს საიას თავმჯდომარე „ფეისბუქზე“.
"ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში" გასული სკანდალურ გამოძიება, ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერულ რეისზე, ამერიკულ ძვირადღირებულ არდადეგებზე და ნუნუკა თამაზაშვილის ციხე-სიმაგრეში გადახდილ დაბადების დღეზე პოლიტიკური განხილვის მთავარ ამბად იქცა.