"დაიწყეთ გამოძიება პრემიერის მიერ ჩადენილ შესაძლო კორუფციულ დანაშაულზე" - გახარიას პარტია პროკურატურას მიმართავს
"დაიწყეთ გამოძიება პრემიერის მიერ ჩადენილ შესაძლო კორუფციულ დანაშაულზე" - მ"შაბათის ეთერის" ხმაურიანი გამოძიების ეთერში გასვლის შემდეგ გიორგი გახარიას პარტია პროკურატურას გამოძების დაწყების მოთხოვნით მიმართავს.
პარტია " საქართველოსთვის გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ გამოძიების დაწყებაზე უარი კიდევ ერთხელ იქნება აღქმული, როგორც ხელისუფლებისადმი მორჩილება და ოცნების ინტერესების გატარება.
ვეხმაურებით ოცნების ელიტური კორუფციის მორიგ მძიმე ფაქტს.
მომხდარი კიდევ ერთი ნათელი დასტურია, რატომ თქვა უარი ხელისუფლებამ რეალურად დამოუკიდებელი ანტი-კორუფციული ბიუროს შექმნაზე. ოცნებამ მოსპო ყველა არსებული ბერკეტი, რათა თავისუფლად გაეგრძელებინა კორუფციული საქმიანობა, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პროცესში.
მოქმედი სისტემის პირობებში, კორუფციის გამოძიება პროკურატურის მანდატია. მივმართავთ საქართველოს პროკურატურას დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება პრემიერ-მინისტრის მიერ ჩადენილ შესაძლო კორუფციულ დანაშაულზე და საზოგადოებას უმოკლეს ვადაში მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია. გამოძიების დაწყებაზე უარი კიდევ ერთხელ იქნება აღქმული, როგორც ხელისუფლებისადმი მორჩილება და ოცნების ინტერესების გატარება, რაც კიდევ ერთხელ გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მართლმსაჯულების სისტემას, რომლის დამოუკიდებლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
მომხდარს ობიექტური გამოძიებით დადასტურება-უარყოფა სჭირდება, რაც პროკურატურის კომპეტენციაა და არა მთავრობის ცალკეული სტრუქტურული დანაყოფების.
ასევე, ჩვენი გუნდი უახლოეს დღეებში პარლამენტში წარადგენს ინიციატივას, რომლითაც გაფართოვდება
სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების ნათესავების წრე, რომელთაც თავიანთი ქონების წარმომავლობის დასაბუთება მოუწევთ.
არსებული კანონმდებლობა საშუალებას აძლევს კორუფციაში ჩართულ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს, გადამალონ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება საკუთარ ნათესავებზე ქონების ფიქტიურად გადაფორმების გზით.
პარტია „საქართველოსთვის“ დღესაც და მომავალშიც გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს ელიტური/პოლიტიკური კორუფციის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლისთვის.
პასუხისმგებლობას ხალხის ფულის მოპარვისთვის ვერავინ გაექცევა. დღეს, ქმედითი სისტემის არ არსებობის პირობებში, ხელისუფლება ცდილობს, რაც შეიძლება მეტი მოასწროს და დააგროვოს, ხოლო ნაცმოძრაობა, ხელისუფლების მფარველობით, ცდილობს მის კორუფციულ დანაშაულებზე პასუხისმგებლობას გაექცეს. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევის ჩვენს მიერ დაწყებული პროცესი და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება უზრუნველყოფს, რომ კორუფციისთვის პასუხი ყველამ აგოს და დანაშაულებრივი გზით, როგორც ნაცმოძრაობის, ისე ოცნების მიერ მოპოვებული ქონება დაუბრუნდეს ხალხს". - ნათქვამია განცხადებაში.
"ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში" გასული სკანდალურ გამოძიება, ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერულ რეისზე, ამერიკულ ძვირადღირებულ არდადეგებზე და ნუნუკა თამაზაშვილის ციხე-სიმაგრეში გადახდილ დაბადების დღეზე პოლიტიკური განხილვის მთავარ ამბად იქცა.