"ხელის გულზეა ბრალი, მთავარმა პროკურორმა პრემიერს ბორკილები უნდა დაადოს" - ენმ გენერალურ პროკურატურას მიმართავს
ყურადღების ცენტრშია საქართველოს პროკურატურა - შაბათის ეთერში მოყვანილი ფაქტების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას შოთაძის უწყებას ოპოზიცია სთხოვს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მოუწოდებენ გენერალურ პროკურორს, სასწრაფოდ გამოკითხვაზე დაიბაროს ანზორ ჩუბინიძე და თამაზ გაიაშვილი.
თქვენ რომ დღეს ცხოვრობდეთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, ირაკლი ღარიბაშვილი არა თუ თანამდებობას უნდა ტოვებდეს, არამედ უნდა იჯდეს საბრალდებო სკამზე. ვალდებულად მიგვაჩნია ჩვენი თავი, იმ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ვიხილეთ „ნოდარ მელაძის შაბათში“ ჟურნალისტური გამოძიების სახით, მივცეთ ოფიციალური მსვლელობა. ეს განცხადება, რომელიც შედის ენმ-ს სახელით და ითხოვს გამოძიებას და დაკითხვას, როგორც თამაზ გაიაშვილის ასევე ანზორ ჩუბინიძის და ყველა იმ პირის, ვინც ფლობს ინფორმაციას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. დიდი ალბათობით როგორც სხვა განცხადებები, ესეც შემოიდება თაროზე და ამას არ მოჰყვება ქმედითი რეაგირება, - ამბობს ვასო ურუშაძე.
ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის თქმით, გამოძიებას საკმარისი მტკიცებულებები აქვს იმისთვის, რომ პრემიერის მხრიდან სისხლის სამართლის ბრალეულობა გამოკვეთოს.
ირაკლი შოთაძემ, ქვეყნის მთავარმა პროკურორმა უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულება და დაუყოვნებლივ, აღარ სჭირდება ამას გამოძიება, ხელის გულზეა ბრალი, უნდა დაადოს ირაკლი ღარიბაშვილის ბორკილები და უნდა უთხრას ქვეყანას, რომ იგი ემსახურება საქართველოს და არა რუსულ ოცნებას. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ სამართლებრივ დავას ყველგან,ს ადაც საჭირო იქნება, წავალთ სტრასბურგშიც, - ამბობს ლაშა ტყეშელაძე.
"ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში" გასული სკანდალურ გამოძიება, ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერულ რეისზე, ამერიკულ ძვირადღირებულ არდადეგებზე და ნუნუკა თამაზაშვილის ციხე-სიმაგრეში გადახდილ დაბადების დღეზე პოლიტიკური განხილვის მთავარ ამბად იქცა.