სკანდალური ჩარტერი - პრემიერი დუმს

11.09.23 14:19
სკანდალური ჩარტერი - პრემიერი დუმს

სკანდალური ჩარტერი - პრემიერი დუმს. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე მის სკანდალურ რეისთან დაკავშირებით არ ისაუბრა. 

პრემიერმა კითხვები უპასუხოდ დატოვა. თუმცა, მან მთავრობის სხდომაზე წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ბიუჯეტის ფულით სარგებლობაზე ისაუბრა და მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი მოიყვანა, რომელიც ღარიბაშვილის თქმით, საკუთარ შვილს განათლებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან უფინანსებდა.

პრემიერის ნაცვლად ბოლო რამდენიმე დღეა, მთავრობის ადმინისტრაცია განცხადებებს ავრცელებს იმის დასადასტურებლად, რომ ღარიბაშვილს სახელმწიფო ბიუჯეტი არ გამოუყენებია პირადი მიზნებისთვის. თუმცა, საქართველოს მთავრობა "შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ, იძულებული გახდა დაედასტურებინა, რომ პრემიერი არდადეგებზე სამთავრობო თვითმფრინავით წავიდა, მთავრობა ახლა თავისმართლების მესამე ვერსიას გვთავაზობს. პრემიერმა სამთავრობო თვითმფრინავი იქირავა, რამდენი გადაიხადა საიდან? ამ კითხვებზე პასუხი არ არის.

"შაბათის ეთერის" ექსკლუზივი - ფაქტებით დადასტურებულია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკაში დასასვენებლად სამთავრობო თვითმფრინავით წავიდა. "შაბათის ეთერის" გუნდმა მოიპოვა სამთავრობო თვითმფრინავის ფრენის სრული მარშრუტი, რომელიც ადასტურებს, რომ თვითმფრინავი, "სი არ ჯი 200", რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა შვებულების დროის პირადი მიზნებისთვის გამოიყენა, საქართველოს მთავრობას ეკუთვნის, თვითმფრინავს კი ექსპლუატაციას ავიაკომპანია "ჯორჯიან ერავეზი" უწევს. პილოტებიც და ბორტგამცილებლებიც თამაზ გაიაშვილის თანამშრომლები არიან.

მსგავსი სიახლეები