საიდან 390 ათასი მხოლოდ ერთი ფრენისთვის ? - ვაშაძე პრემიერისგან პასუხებს ითხოვს

12.09.23 11:55
საიდან 390 ათასი მხოლოდ ერთი ფრენისთვის ? - ვაშაძე პრემიერისგან პასუხებს ითხოვს

"საიდან 390 ათასი მხოლოდ ერთი ფრენისთვის?" -"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ სწორედ ეს თანხა ჯდება ერთი ჩარტერი მიუნხენამდე და  პრემიერისგან პასუხებს ითხოვს.

ვაშაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაცია წარმოადგინა და განაცხადა, რომ სულ რომ შეჯამდეს ყველა შემოსავალი და დანაზოგი, რომელიც პრემიერს აქვს მაინც ვერ აფინანსებს ჩარტერის ღირებულებას. 

გუშინ, ფაქტობრივად, "ქართული ოცნების" ყველა განცხადება აღიარებითი ჩვენება იყო, რომ საქმე გვაქვს ტოტალურ, სისტემურ კორუფციასთან ჩარტერების საქმესთან დაკავშირებით. იაფფასიანი ტყუილების კასკადი, რომელიც მოვისმინეთ მთავრობის წარმომადგენლებისგან. ახლა საბიუჯეტო სახსრებით იყო თუ კერძო სახსრებით იყო ჩარტერი გაკეთებული, ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს დანაშაულთან, რომელიც ამტკიცებს, რომ "ოცნება" და პირადად ღარიბაშვილი არის დიდ კორუფციაში ჩაფლული. მე ხელში მაქვს ღარიბაშვილის დეკლარაცია, სულ რომ შევაჯამოთ ყველა შემოსავალი და დანაზოგი, რომელიც მას აქვს და გამოვაკლოთ რა ხარჯებიც გასწია, მაინც ვერ აფინანსებს იმ ჩარტერის ღირებულებას. მინდა საზოგადოებას იცოდეს, რა ღირს რომ მხოლოდ მიუნხენში ჩარტერით ჩაფრინდეს და ჩამოფრინდეს, ფასი არის 390 ათასი ლარი. ანუ ღარიბაშვილი გვეუბნება, რომ 390 ათასი ლარი მხოლოდ მიუნხენამდე ჩასვლა-ჩამოსვლაში გადაიხადა მისსავე ჯიბიდან, რომელიც მისსავე დეკლარაციაში არსად არ ფიქსირდება ეს თანხა. ამიტომ ეს არის იაფფასიანი ტყუილი. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა ღარიბაშვილს, ჩუბინიძეს და მთელ ქოც-ბანდიტებს, რომლებიც ძარცვავენ ქვეყანას - გამოაქვეყნეთ მტკიცებულებები საიდან მოვიდა ეს ფული? საიდან გადარიცხეთ ეს ფული? ყველაფერი მიუთითებს, რომ თქვენ ივანიშვილმა მოგცათ უფლება ამ ქვეყნის ძარცვის, სამაგიეროდ, მისი ერთგულების და რუსული ინტერესების გატარების. ბორელის დღევანდელი განცხადებაც ამაზე მიუთითებს. დიაგნოზი დასმულია. თქვენ ხართ პრორუსები, ამ იაფფასიანი ტყუილებით ამ ამბავს ვერ გადააგორებთ. საიდან მოიტანე ირაკლი ღარიბაშვილო 390 ათასი ამ მხოლოდ ერთი ფრენისთვის? იმის იქით რომ პირველი კლასებით იფრინე და ერთი იმდენი კიდე დახარჯული გაქვს ეგ მეორე საკითხია. საიდან მოიტანეთ 390 ათასი. ამ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი და თუ არ სცემთ პასუხს, ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ თქვენ ხართ დამნაშავეები, თქვენ ხართ კორუმპირებული თაღლითები, რომლებიც ძარცვავთ ქვეყანას". - განაცხადა ვაშაძემ.

"ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში" გასული სკანდალურ გამოძიება, ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერულ რეისზე, ამერიკულ ძვირადღირებულ არდადეგებზე და ნუნუკა თამაზაშვილის ციხე-სიმაგრეში გადახდილ დაბადების დღეზე პოლიტიკური განხილვის მთავარ ამბად იქცა.