ბიუჯეტის ცვლილებების კანონი ხელმოწერილია ვადაზე ადრე - აქუბარდია "ოცნებას" ტყუილში ამხელს
"ქართულ ოცნებას" და პარლამენტის თავმჯდომარეს ტყუილში დეპუტატი თეონა აქუბარდია ამხელს. როგორც დეპუტატი წერს, მმართველი გუნდის დეპუტატების მტკიცება, რომ პრეზიდენტმა ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს ხელი არ მოაწერა, სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც აქუბარდია "პირველებს" უყვება, მან ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გადაამოწმა, სადაც დაუდასტურეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა.
მთელი დღეა პრეზიდენტთან დამარცხებული "ქართული ოცნება" ავრცელებს დეზინფორმაციას, რომ თითქოს
პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა 2023 წლის ბიუჯეტის ცვლილებების კანონს და ამით შოვის ტრაგედიით
დაზარალებულებს დახმარება არ მიეწოდათ. როგორც ტვ იმედთან დილას ვთქვი და აქაც ვიმეორებ, ეს არის
კიდევ ერთი საცოდავი მცდელობა პრეზიდენტის გასაშავებლად. კანონი ხელმოწერილია ვადაზე ადრე! - წერს აქუბარდია.
პარლამენტის თავმჯდომარე და "ოცნების" დეპუტატები დღეს დილიდან აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტმა ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებებს ხელი არ მოაწერა. მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილს ხელმოსაწერად დრო ორშაბათამდე აქვს, საპარლამენტო უმრავლესობა მას აკრიტიკებდა. დოკუმენტზე ხელის არ მოწერის გამო პრეზიდენტი ზარქუამაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ "გაგიჟდა პრეზიდენტი".