სექსისტური და შეურაცხმყოფელი განცხადებები პარლამენტში - ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მიმართვა

31.10.23 16:14
სექსისტური და შეურაცხმყოფელი განცხადებები პარლამენტში - ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მიმართვა

ჩხუბი და დაპირისპირება პარლამენტში - შეურაცხმყოფელი, მადისკრედიტირებელი და სექსისტური განცხადებების შემდეგ ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

ქალი დეპუტატები დღევანდელი სასესიო სხდომის დროს „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან მათზე თავდასხმას გმობენ და გეგმავენ, რომ საქმის კურსში ჩააყენონ როგორც სახალხო დამცველი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები.

თავდასხმის ერთ-ერთი ობიექტი თეონა აქუბარდია ამბობს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების წინააღმდეგ „ოცნება“ რუსული მეთოდებით იბრძვის.

მე კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ, როგორც თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ბერაიას, ასევე სრულიად ქართულ ოცნებას და კიდევ ერთხელ ვეუბნები სუს-ის იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც ეს მეთოდები აქვთ დისკრედიტაციისთვის არჩეული ოპოზიციონერი დეპუტატების, არ გავჩუმდები და არ გავჩერდები, როდესაც საუბარი არის ჩვენს ოკუპაციაზე, არ გავჩერდები მაშინ, როდესაც პუტინთან თქვენი მთავრობის წარმომადგენელი სადილს ესწრება და ღირსებაც კი არ უშლის ხელს რომ ადგეს და გამოვიდეს პუტინის მოსასმენი სიტყვიდან და ვე გაგვაჩუმებთ ამ ბინძური მეთოდებით,“ - ამბობს აქუბარდია.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ქართული ოცნების კაცი დეპუტატების სამიზნე ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები უკომპრომისო ბრძოლის გამო ხდებიან. 

ეს არის პარლამენტი, სადაც რიგითი პარლამენტის წევრი, მათ შორის ფიზიკურ ძალადობას არ ერიდებოდა ქალის წინააღმდეგ, შალვა პაპუაშვილი, რომელიც ამ ძალადობრივი ფაქტის შემდეგ დაწინაურდა „ოცნების“ მიერ და პარლამენტის თავმჯდომარე გახდა. ეს არის სწორედ ის სტანდარტი, რომლითაც ხელმძღვანელობს რუსული ოცნება, პირადად შალვა პაპუაშვილი და ქვეყნის არაფორმალური მმართველი რუსი ოლიგარქი - ფიზიკური და ვერბალური ძალადობა ქალი დეპუტატების წინააღმდეგ არის ის სტანდარტი, რომლითაც ხელმძღვანელობენ. რატომ ვხდებით მუდმივად ჩვენ განსაკუთრებული სამიზნეები კაცი რუსული ოცნების დეპუტატების მხრიდან - მე, აქუბარდია, წითლიძე, სამნიძე, კორძაია, ნაცვლიშვილი, სამადაშვილი - სწორედ ქალი დეპუტატები ვხდებით ოცნების სამიზნე, იმიტომ, რომ ჩვენ ყველაზე უკომპრომისოდ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის ევროპული, დემოკრატიული მომავლისთვის, ამას ხედავს რუსული ოცნება და რუსული მეთოდებით - ბინძური დეზინფორმაციის კამპანიით ცდილობს ქალი დეპუტატების დისკრედიტირებას,“ - ამბობს თინა ბოკუჩავა.
 

ქალი დეპუტატების წინააღმდეგ დღეს "ქართული ოცნების" წევრებმა შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთეს. განსაკუთრებით თავდასხმის სამიზნე თეონა აქუბარდია და ანი წითლიძე იყვნენ. პარლამენტის თავმჯდომარე არ ყოფილა ერთადერთი, ვინც დღეს თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენა. ოპოზიციონერი დეპუტატი მწვავედ გააკრიტიკა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ.

ანი წითლიძის მისამართით კი შეურაცხმყოფელი და სექსისტური გამონათქვამები ალუდა ღუდუშაურმა გაახმოვანა.