არ მინდა მორალური პედესტალიდან ვისაუბრო, ერთ შენიშვნას ვიღებ ჩემ თავზე - პაპუაშვილი ქალი დეპუტატების შეურაცხყოფის მერე

31.10.23 16:52
არ მინდა მორალური პედესტალიდან ვისაუბრო, ერთ შენიშვნას ვიღებ ჩემ თავზე - პაპუაშვილი ქალი დეპუტატების შეურაცხყოფის მერე

"სამსჯავროზე არ ვართ, არ მინდა მორალური პედესტალიდან ვისაუბრო... რა თქმა უნდა, იყო უსიამოვნო სიტუაცია... პლენარული სხდომა არ არის ამ საკითხის გასარჩევი ადგილი", - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებების შეფასებისას გააკეთა.

პაპუაშვილს არც ანი წითლიძისა და არც თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფებზე რეაგირება არ ჰქონია, შესვენების შემდეგ განახლებულ სხდომაზე კი მას ხატია დეკანოიძემ და იაგო ხვიჩიამ მიმართეს და რეაგირებისკენ მოუწოდეს. პაპუაშვილმა საკუთარ თავზე მხოლოდ ერთი შენიშვნა მიიღო.

ერთ შენიშვნას ვიღებ პირადად ჩემ თავზე, როდესაც პიროვნული შეურაცხყოფები არის ხოლმე, მე მაქვს როგორც წესი რეაქცია და მექნება კიდევაც, რომ გავთიშო მიკროფონი. რაღაც მომენტში შეიძლება ამ კუთხით დამეგვიანა, მაგრამ ამ შენიშვნას მე, როგორც სხდომის წამყვანი, რა თქმა უნდა, მივიღებ, რომ თუკი იქნება პიროვნული შეურაცხყოფის ზღვარი, დროულად შევაწყვეტინო ხოლმე გამოსვლა. რაც შეეხება ეთიკურ განსჯებს, არ გვინდა, არ არის ის სივრცე რომელიც არის", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ქალი დეპუტატების წინააღმდეგ დღეს "ქართული ოცნების" წევრებმა შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთეს. განსაკუთრებით თავდასხმის სამიზნე თეონა აქუბარდია და ანი წითლიძე იყვნენ. პარლამენტის თავმჯდომარე არ ყოფილა ერთადერთი, ვინც დღეს თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენა. ოპოზიციონერი დეპუტატი მწვავედ გააკრიტიკა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ.

ანი წითლიძის მისამართით კი შეურაცხმყოფელი და სექსისტური გამონათქვამები ალუდა ღუდუშაურმა გაახმოვანა.