ბერაია აქუბარდიას ბოდიშს უხდის, თუმცა უპასუხოდ ტოვებს კითხვას - დატოვებს თუ არა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს
შეურაცხმყოფელი განცხადების გამო თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ბოდიშს იხდის. ირაკლი ბერაიამ მას შემდეგ, რაც დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენა და მისი დისკრედიტაცია ამ გზით სცადა, ბოდიში მოიხადა, თუმცა განმარტა, რომ მწვავე რეაქცია აქუბარდიას განცხადებებმა გამოიწვია.
ირაკლი ბერაიამ "პირველების" ჟურნალისტის კითხვა - დატოვებს თუ არა თავდაცვის კომიტეტის თანამდებობას - უპასუხოდ დატოვა.
ჩვენთვის ყოველთვის ძალიან მტკივნეული და მძიმეა იმის მოსმენა, როდესაც მმართველ გუნდს, მე პირადად გვდებენ ბრალს უაპელაციოდ, უსამართლოდ და უღირსად რუსეთის ინტერესების გატარებაში და მით უმეტეს, როდესაც ამას აქვს სისტემატური ხასიათი. ჩვენთვის ეს არის წითელი ხაზი, რომელსაც ბუნებრივია, არასდროს შევეგუებით, იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რას ვაკეთებთ ეროვნული ინტერესების გაღრმავებისთვის... როდესაც სამარცხვინოდ და უაპელაციოდ ხდება ჩვენი დადანაშაულება ეროვნული ინტერესების ხელყოფაში და კრემლთან კავშირში, რა თქმა უნდა, ამაზე გვაქვს მწვავე რეაქცია და ეს გამოსვლაც სწორედ მსგავსი ტიპის განცხადებაზე გამოხმაურებას ემსახურებოდა.
მეორე ნაწილს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, გულწრფელად ვაღიარებ, რომ იყო ემოციურად გადაჭარბებული, თვითონ იმ განცხადების სიმძიმიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ ვისმენთ მუდმივად და რა თქმა უნდა, გულწრფელად ამის გამო მინდა ბოდიში მოვიხადო.
ვფიქრობ, რომ ყველაფერი არის გასაგები,“ - ამბობს ირაკლი ბერაია.
ქალი დეპუტატების წინააღმდეგ დღეს "ქართული ოცნების" წევრებმა შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთეს. განსაკუთრებით თავდასხმის სამიზნე თეონა აქუბარდია და ანი წითლიძე იყვნენ. პარლამენტის თავმჯდომარე არ ყოფილა ერთადერთი, ვინც დღეს თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენა. ოპოზიციონერი დეპუტატი მწვავედ გააკრიტიკა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ.
ანი წითლიძის მისამართით კი შეურაცხმყოფელი და სექსისტური გამონათქვამები ალუდა ღუდუშაურმა გაახმოვანა.
ოპოზიცია დაჩი ბერაიასგან ბოდიშის საჯაროდ მოხდასა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებას ითხოვს.