ეს არის ჟურნალისტების დაშინება, რომ რეპორტაჟები აღარ მოამზადონ - ნოდარ მელაძე პროკურატურაზე

18.06.21 15:20
ეს არის ჟურნალისტების დაშინება, რომ რეპორტაჟები აღარ მოამზადონ - ნოდარ მელაძე პროკურატურაზე

,,ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე, სკანდალურ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ შოთაძის უწყებას არც ერთი კითხვისთვის არ გაუცია პასუხი. 

მელაძის შეფასებით, მთავარმა საგამოძიებო ორგანომ დღეს აღიარა, რომ დაცვის უსაფრთხოების თანამშრომლებს სავარაუდო დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი. მელაძის განცხადებით, პროკურატურის დღევანდელი განცხადება ჟურნალისტების გაჩუმებას ისახავს მიზნად იმისთვის, რომ მედიამ პრობლემური საკითხები აღარ გააშუქოს. 

საქართველოს პროკურატურა, როგორც ჩანს, დღეს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში იყო იმ რეალობით, რომელიც შეიქმნა ბერა ივანიშვილსი საჯარო აღიარების შემდეგ, მან ამ ჩანაწერში მოყვანილი ფაქტები ,,ტელეიმედთან" ინტერვიუში  თავად აღიარა და მომავალშიც მსგავსი დანაშაული დაანონსა და თქვა, რომ შეურაცხყოფას არავის აპატიებს და ასე იქცეოდა და ასე მოიქცევა.

დღეს პროკურატურამ გვითხრა, რომ ჩადენილი ჰქონდა სავარაუდო დანაშაული დაცვის უსაფრთხოების თანამშრომლებს, ბრიფინგიდან გავიგე,  რომ როცა ნადირობის სეზონი იყო გამოცხადებული ივანიშვილზე, ისინი ნამდვილად დადიოდნენ კარდაკარ და ეძებდნენ ადამიანებს, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ ბერა ივანიშვილს სოციალურ ქსელში. ალბათ რთული წარმოასადგენი იყო, რომ ივანიშვილის კონტროლირებადი  პროკურატურა მის წინააღმდეგ რამე შედეგს დადებდა. დღევანდელი ბრიფინგიდან მოვისმინეთ მნიშვნელოვანი აღიარებები. 

დღეს პროკურატურამ აღიარა, რომ არაფორმალური გარჩევები ეწყობოდა და სამართალდამცავების ფუნქცია შეთავსებული ჰქონდათ არაუფლებამოსილ პირებს, ამ შემთხვევაში, ივანშვილის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს. ბევრი კითხვა დარჩა და გულუაშვილი გაიქცა დღეს ბრიფინგიდან, კითხვებს არ უპასუხა. საინტერესოა, ბერას აღიარების შემდეგ თუ დაიბარეს ის პროკურატურაში და თუ მისცა ჩვენება, თუ იყო ჩვენების მისაცემად მისული  ირაკლი ღარიბაშვილი, თუ დაკითხეს ანზორ ჩუბინიძე. ამის შესახებ კითხვებზე პასუხი არ მოგვისმენია. ამ ყველაფრის მიზანი არის ჟურნალისტების დაშინება და ჟურნალისტებზე თავდასხმა, რომ მსგავს უკანონობებზე აღარ მოამზადონ რეპორტაჟები და არ ჩანს სურვილი, რომ რეალური გამოძიების ჩატარება მოხდეს. ლოგიკურიც არის, ვიდრე ეს პოლიტიკური გუნდია ხელისუფლებაში, მათი პოლიტიკური გუნდის ლიდერის წინააღმდეგ, რა თქმა, უნდა არანაირი გამოძიება წარმოებული არ იქნება"- აცხადებს ნოდარ მელაძე.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ პროკურატურაში განაცხადეს, რომ ,,ტვ პირველის" ეთერში გასული აუდიოჩანაწერი  „მოდელირებული და გაყალბებულია“. თუმცა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა დაადასტურა, რომ ბერასთვის არასასურველი კომენტარების ავტორებს ივანიშვილის დაცვა საქმეებს ურჩევდა.

შეგახსენებთ, რომ აუდიოჩანაწერი ტვ პირველის შაბათის ეთერში 6 მარტს გავიდა. აუდიოჩანაწერში ბერა  ირაკლი ღარიბაშვილსა და ანზორ ჩუბინიძეს კონკრეტულ დავალებებს აძლევს, როგორ დასაჯონ ის პირები, რომლებიც ბერა ივანიშვილის მიმართ უარყოფით კომენტარებს წერენ. საუბრიდან ასევე ირკვევა, რომ "სადამსჯელო ოპერაციებს" ანზორ ჩუბინიძე პირადად ატარებდა და ანგარიშს ოლიგარქის შვილს აბარებდა.