არასერიოზულია, უმსგავსო სიუჟეტი გააკეთეთ - მინისტრის იერიში ტვ პირველზე გასული სიუჟეტის გამო

21.06.21 13:25
არასერიოზულია, უმსგავსო სიუჟეტი გააკეთეთ - მინისტრის იერიში ტვ პირველზე გასული სიუჟეტის გამო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე,  ტვ პირველის ეთერში გასულმა რეპორტაჟმა გააღიზიანა, რომელიც ღარიბაშვილის ნათესავების დასაქმების სქემას ეხებოდა. ღარიბაშვილის ოჯახის ერთი წევრი ქარსელაძის უწყებაში, მუნიციპალური განვითარების ფონდშია, დასაქმებული. ტვ პირველის კითხვაზე, რა დამსახურებისთვის დაინიშნა პრემიერის და პოსტზე, ქარსელაძე ამბობს, რომ თეა ღარიბაშვილი მუნიციპალური განვითარების ფონდში 2013 წლიდან მუშაობს და მასთან მიმართებით შეკითხვები არასერიოზულია. მინისტრი ამბობს, რომ თეა ღარიბაშვილი სამსახურში პანდემიის გამო არ დადის, თუმცა ქარსელაძე არ პასუხობს, რატომ არ ეხებათ პანდემია სხვა თანამშრომლებს. 

არასერიოზულია, 2013 წლიდან მუშაობს ადამიანი და 2021 წელს იმაზე ლაპარაკი, 2013 წლიდან რატომ მუშაობს და როგორ მუშაობს, ძალიან არასერიოზულია. რაც შეეხება, ვინ როგორ დადის სამსახურში, მოგეხსენებათ, რომ არის კოვიდპანდემია, სპეციალური რეგლამენტი გვაქვს შემუშავებული, რომლის მიხედვით, თანამშრომლები დისტანციურ რეჟიმში მუშაობენ. რა არის ის უმსგავსო სიუჟეტი, რაც გააკეთეთ, ეხლა აგრძელებთ ამ შენობაში", - ამბობს ქარსელაძე. 

შეგახსენებთ, რომ ტვ პირველის შაბათის ეთერის საგამოძიებო ჟურნალისტთა გუნდმა პრემიერ ღარიბაშვილის ნათესავების საჯაროს უწყებებში დასაქმების შესახებ რეპორტაჟი მოამზადა.