,,ოცნებამ" ამომრჩეველთა მოსყიდვა დაიწყო - ოპოზიცია პრემიერის ახალ ინიციატივაზე

24.06.21 15:37
,,ოცნებამ" ამომრჩეველთა მოსყიდვა დაიწყო - ოპოზიცია პრემიერის ახალ ინიციატივაზე

ჯარიმების ამინისტიის შესახებ პრემიერის ინიატივის უკან ოპოზიცია წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობას ხედავს. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ თუ ხალხზე ზრუნვა სურს, მთავრობამ წნეხის მოსახსნელად გადასახადები უნდა შემაციროს. 

,,ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ ჯარიმების გაუქმების ინიციატივა სწორედ მის ფრაქციას ჰქონდა.

 ჩვენი ფრაქცია რამდენიმე დღის განმავლობაში იხილავდა ამ ინიციატივას, ეს ჯარიმები ისეთი დაუსაბუთებელი იყო და ისეთი ოდენობის თანხაზეა საუბარი, რაც ევროპულ ქვეუნებშიც კი არ არის, ამიტომ კარგია, თუ მთავრობა გამოეხმაურა ჩვენს ინიციატივას და ასევე იზიარებს იმას, რომ ჩვენს მოსახლეობას სჭირდება არა ჯარიმები, არამედ გათავისუფლება და მეტი სტიმული, რომ ამ გაჭირვებაში მეტი შვება იგრძნონ - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.

,,ლელოს" წევრი, ანა ნაცვლიშვილი, აცხადებს, რომ ჯარიმებს ხშირად თანამდებობის პირები არღვევდნენ და პრემიერის ინიციატივა  ხელისუფლების ორმაგი სტანდარტია.

თუ ხელისუფლებას პრეტენზია აქვს და სურს, გააკეთოს ხმამაღალი განცხადება დაშვებული შეცდომების გამოსწორების და სამართლიანი მიდგომების შესახებ, ის ორმაგი სტანდარტი უნდა აღმოფხვრას, ძალიან ბევრი ფაქტი გამჟღავნდა, როცა თანამდებობის პირები არღვევდნენ კანონს.

ამ ჯარიმების ჩამოწერა, რომელიც ისედაც ჩამოწერილი იყო, რომ მოქალაქეებს ვერავინ აიძულებდა ამ ჯარიმების გადახდას, ცხადია, მოსახლეობის გულის მოგებას ისახავს მიზნად  - თქვა ანა ნაცვლიშვილმა. 

,,გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია, ამბობს, რომ ,,ნაცმოძრაობა" და ,,ოცნება" ერთმანეთს ჯარიმების ჩამოწერაში ეჯიბრებიან.

დღეს რომ გავიდეს ადამიანი გარეთ და დააჯარიმოს პოლიციამ, მაგასაც ჩამოაწერენ ბატონი ღარიბაშვილი და ,,ნაცმოძრაობა", რადგან კონკურსი არის ჯარიმების ჩამოწერაში. როგორ შეიძლება, კომენდანტის საათის პარალელურად იდებოდეს მთავრობის ეს ინიციატივა? იქნებ, ვინმე მაინც მიხვდეს, რომ კომენდანტის საათი არა პირველ ივლისს, არამედ დღესვე მოხსნან. - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

,,ევროპული საქართველო" ხელისუფლებას ადგილობრივი არჩევნების წინ ამომრჩეველთა მოსყიდვაში ადანაშაულებს. 

,,ქართულმა ოცნებამ" ამომრჩევლების მოსყიდვა კვლავ დაიწყო. უნდა ითქვას, რომ ,,ევროპული საქართველო" თავიდანვე მოუწოდებდა ხელისუფლებას, რომ ჯარიმები მოეხსნათ. დღეს არასამართლიანია, რომ ის ადამიანები, ვინც ჯარიმა უკვე გადაიხადა, და თითქოს მადლიერი უნდა იყოს იმ ჯარიმების მცირე ნაწილის მოხსნისა. - ამბობს ,,ევროპული საქართველოს" წევრი, ლაშა დამენია.

ჯარიმების ამნისტია არჩევნების წინ - პრემიერის ინიციატივით, 245 ათასი მოქალაქე ჯარიმის გადახდისგან თავისუფლდება. 

მსგავსი სიახლეები