ალიევის ადმინისტრაცია ზურაბიშვილის მისალოც წერილს აქვეყნებს

12.02.24 17:41
ალიევის ადმინისტრაცია ზურაბიშვილის მისალოც წერილს აქვეყნებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ილჰამ ალიევისადმი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მისალოც წერილს აქვეყნებს.

თქვენო აღმატებულებავ, 

ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას. გისურვებთ კიდევ მრავალ წარმატებასა და გამარჯვებას თქვენი ქვეყნის სამსახურში და აზერბაიჯანელი ხალხის კეთილდღეობისათვის დაუღალავ ბრძოლაში.

ღრმად მწამს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ახალ სიმაღლეებზე ავიყვანთ ჩვენი ორი მოძმე ქვეყნის კეთილმეზობლურ, მეგობრულ ურთიერთობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას, რითაც მეტად გავაძლიერებთ საქართველოსა და აზერბაიჯანის როლს რეგიონის სტაბილურობის და განვითარების კუთხით. 

თქვენო აღმატებულებავ, გიდასტურებთ ჩემს ღრმა პატივისცემას და გისურვებთ წარმატებულ მოღვაწეობას, ხოლო აზერბაიჯანელ ხალხს - მშვიდობასა და კეთილდღეობას", - ნათქვამია წერილში.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოს მთავრობის წევრების მხრიდან სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას პასუხობს. ადმინისტრაციის მტკიცებით, საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს 9 თებერვალს მიულოცა პრეზიდენტის პოსტზე არჩევა.

დღეს მთავრობის და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პრეზიდენტს თავს ესხმოდნენ კობახიძის გუნდი ამტკიცებდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა. 

"უგუნური გადაწყვეტილება" - ასეთი იყო თავდაცვის მინისტრის განცხადება. 

ირაკლი ჩიქოვანის გარდა პრეზიდენტს თავს დაესხმა კიდევ ერთი ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის მხრიდან დუმილს "პოლიტიკური სიბეცე" უწოდა

ცნობისთვის,  აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 7 თებერვალს ჩატარდა. ოფიციალური ინფორმაციით, 62 წლის ილჰამ ალიევმა, ხმების 92% მიიღო. ეს უკანასკნელი ქვეყანას ბოლო 20 წელია მართავს. 

 

მსგავსი სიახლეები