გვარამია: ტყუის ოცნება, როცა ამბობს, რომ ე.წ. ვეტინგის პროცედურა მოსამართლეთა უცხოელების მიერ დანიშვნას გულისხმობს
კლანი უნდა წავიდეს! - პარტია "ახალის" ლიდერი ნიკა გვარამია ე.წ. ვეტინგთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებებს ეხმიანება და მმართველ პარტიას სიცრუის გავრცელებაში ამხელს.
ოპოზიციონერი ამბობს, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებები, რომ ე.წ. ვეტინგეს პროცესი მოსამართლეების უცხოეთიდან დანიშვნას ითვალისწინებს, ტყუილია.
ნიკა გვარამიას თქმით, სინამდვილეში, ეს პროცედურა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებაა მიუკერძოებელი კომისიის მიერ და გულისხმობს არაკეთილსინდისიერი მოსამართლეების გათავისუფლებას.
ტყუის ქართული ოცნება, როცა ამბობს, რომ ე.წ. ვეტინგის პროცედურა მოსამართლეთა დანიშვნას გულისხმობს უცხოელების მიერ. სინამდვილეში, ეს პროცედურა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებაა მიუკერძოებელი კომისიის მიერ და გულისხმობს არაკეთილსინდისიერი მოსამართლეების გათავისუფლებას. კლანი უნდა წავიდეს და მართლმსაჯულება გათავისუფლდეს კორუმპირებული და მთავრობის დაკვეთების შემსრულებელი მოსამართლეებისგან. ახლების დანიშვნა უკვე შიდა პროცედურებით მოხდება, რასაც დღეს აზრი აქვს დაკარგული, რადგან ნახსენები კლანი ნიშნავს მათთვის სასურველ და მორჩილ ახალ მოსამართლეებს." - წერს ნიკა გვარამია.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ვეტინგის“ თემას დახურულად აცხადებენ.
მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი ვერ დაუშვებს, რომ ხელისუფლების რომელიმე შტოს წარმომადგენლების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებული იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე.
დღეს ამ თემაზე კომენტარი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემაც გააკეთა და თქვა: "მიუღებელია, რომ მოსამართლეების დანიშვნაზე გადაწყვეტილება მიღებული იყოს ქვეყნის გარეთ".