"ოცნებაში" კარგად იციან, რომ ღარიბაშვილი კორუმპირებულია - ნაცვლიშვილი
ირაკლი ღარიბაშვილის ახალი დეკლარაცია - "ლელოს" წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, "ოცნებაშიც" ყველამ კარგად იცის ყოფილი პრემიერის კორუმპირებულობის ამბავი, თუმცა ხმას იმიტომ არ იღებენ, რომ ღარიბაშვილის იმ კორუფციული სქემის ერთი ფიგურაა მხოლოდ, რაც მმართველმა პარტიამ შექმნა.
ანა ნაცვლიშვილს არ სჯერა, რომ დღევანდელი პენსიის პირობებში, ყოფილი პრემიერის მამას შვილისთვის ათასობით დოლარის და ევროს ჩუქების შესაძლებლობა აქვს, რასაც ამას ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციაში ამტკიცებს.
ყველამ, "ოცნების" შიგნით ძალიან კარგად იცის, რომ ღარიბაშვილი არის კორუმპირებული, მაგრამ გამოძიებას ჩვენ ვერ ვხედავთ, რატომ? იმიტომ, რომ ღარიბაშვილი მარტო კი არ იყო კორუმპირებული ერთი ადამიანი, ის იყო კორუფციის დიდი სქემის ერთი ფიგურა და მთლიანად "ქართული ოცნება" არის მთლიანად ამ კორუფციული სქემის შემოქმედიც და სარგებლის მიმღებიც ამ კორუფციისგან. რაც შეეხება მშობლების საჩუქარს, ღარიბაშვილის და "ქართული ოცნების" პირობებში პენსია ნამდვილად არ გაზრდილა იმხელაზე, რომ პენსიონერ მამას შეეძლოს შვილს ათასობით დოლარი და ევრო აჩუქოს. ამიტო ეს ტყუილები, ძალიან მოკლეფეხება ტყუილებია", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
რა წერია 23 მარტს შევსებულ განახლებულ დეკლარაციაში?
- 2023 წელსაც, წინა წლების მსგავსად, ირაკლი ღარიბაშვილს მშობლებმა 150 000 ლარი აჩუქეს;
- ყოფილი პრემიერის ხელფასი გასულ წელს 45,1 ათასი ლარი იყო (14 ათასი ლარით მეტი, ვიდრე 2022 წელს).
- ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ 2023 წლის 30 ოქტომბრიდან 2024 წლის 23 მარტამდე მან დანაზოგი 40-დან 50 ათას ლარამდე გაეზარდა.
მდიდრული ოჯახური წვეულება
დოკუმენტის მიხედვით, წვეულების ორგანიზება პრემიერის ოჯახს 15 000 ლარი დაუჯდა
ირკვევა ისიც, რომ ცოლისთვის საჩუქარად გადაცემულ ტყის სარგებლობისთვის ღარიბაშვილმა 6255 ლარი დახრაჯა.
ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განახლებული დეკლარაციის მიხედვით, ღარიბაშვილის შვილის აშშ-ში გადაფრენა 109 000 ლარი დაჯდა.
- „ოჯახის მოგზაურობასთან დაკავშირებული საჰაერო რეისის (თბილისი-მიუნხენი-თბილისი) ხარჯი ანაზღაურებულ იქნა უშუალოდ რეისის დამკვეთის (მშობლის) მიერ ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე – 94 500 ლარი; მეორე ეტაპზე – 15 000 ლარი” - წერია თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციაში.
დოკუმენტების მიხედვით, ოჯახის მოგზაურობისთვის ასევე დაიხარჯა 20000 USD.
ექსპრემიერი ამტკიცებს, რომ პენსიონერმა მამამ ირაკლი ღარიბაშვილს 2023 წელს 150 000 ლარი აჩუქა.
სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება შვილის აშშ-ში ჩარტერული რეისით წაიყვანასთან დაკავშირებით "შაბათის ეთერმა" ჩაატარა.
„საქართველოს ავიახაზების” ხელმძღვანელს, თამაზ გაიაშვილს „ტვ პირველთან” იმის აღიარებაც მოუწია, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პირადი ფრენისთვის სამთავრობო თვითმფრინავი გამოიყენა.
საბოლოოდ, ფაქტებით დადასტურდა, რომ მთავრობის მაშინდელმა მეთაურმა უფროსი შვილი ოჯახის რამდენიმე წევრთან ერთად მიუნხენში ჩაიყვანა, აშშ-ში კი სამგზავრო თვითმფრინავით გაფრინდა.