მოსამართლეების სკანდალური აუდიოჩანაწერები - "ოცნების" პირველი კომენტარი
"ვეტინგი" მიუღებელია - "ქართული ოცნება" კლანის მოსამართლეებს მხარდაჭერას ბოლომდე უცხადებს. მურუსიძე-ჩინჩალაძის დაჯგუფების საყვედურების მოსმენის შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლები იძულებული გახდნენ, განმარტებები გაეკეთებინათ, თუმცა დღეს "ოცნების" ლიდერებს უჭირთ შალვა თადუმაძის სკანდალური ჩანაწერების შეფასება.
ნინო წილოსანი მხოლოდ იმას ამბობს, რომ შალვა თადუმაძეს "ისეთი არაფერი უთქვამს , რასაც საჯაროდაც არ გაიმეორებდა".
მე სამწუხაროდ, არ ვიცნობ დეტალურად შალვა თადუმაძის განცხადებას. მე ვფიქრობ, რომ მას არაფერი არ უთქვამს ისეთი, რასაც საჯაროდ არ გაიმეორებდა, ამიტომ, ჩემი კომენტირება აქ საჭირო არ არის. მე, რა თქმა უნდა ვიტყვი, ხელისუფლების პოზიციიდან. ჩვენი პოზიცია გაცხადებულია. ე.წ. ვეტინგის სისტემა, რომელმაც არცერთ ქვეყანაში არ იმუშავა, ვეტინგის სისტემა, რომელშიც ისეთი ოდიოზური ფიგურები არიან ჩართულნი, როგორიც ადეიშვილი იქნება თუ წოწორია, ვერ იქნება და ვერ წარმოადგენს მოსამართლეების განსჯის შესაბამის ორგანოს, ამიტომ, სასამართლო სისტემა, რომელიც ყოველ შემდგომ შეფასებაზე სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებით უკეთეს და უკეთეს შედეგს იღებს, არ იმსახურებს იმ ანტიპიარს და ანტიკამპანიას, რომელიც წარმოებს მის მიმართ და სტრასბურგის, თუნდაც ნიკა გვარამიასტან დაკავშირებულმა ახლანდელმა გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ ქართული ეროვნული სასამართლო სისტემა მუშაობს გამართულად", - განაცხადა წილოსანმა.
"ოცნების" წევრმა, რომელიც დღეს ქალთა კონფერენციას ესწრებოდა, არც იმის დაფიქსირება მოინდომა საჯაროდ, თუ რა პოზიცია აქვს ბიზინა ივანიშვილს ე.წ ვეტიგთან დაკავშირებით და თქვა, რომ თუ ოლიგარქი გადაწყვეტს, პოზიციას თავადვე დაფიქსირებს.
არასერიოზულია, რომ მე მკითხოთ, რა პოზიცია ექნება ბიძინა ივანიშვილს. ამ შემთხვევაში ჩემთვის არ არის ცნობილი მისი პოზიცია და არც ამის უფლებამოსილება არ მაქვს. თუ ის გადაწყვეტს, თავის პოზიციას დააფიქსირებს თავად", - აცხადებს ნინო წილოსანი.
ქალთა კონფერენციაზე იმყოფებოდა კულტურის მინისტრი თეა წულუკიანიც, თუმცა მან ისე დატოვა ღონისძიება რომ მედიასთან არ გამოჩენილა და შესაბამისად, არც სკანდალურ აუდიოჩანაწერებზეც გაუკეთებია კომენტარი.
შალვა თადუმაძემ "პირველებისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში დღეს თქვა, რომ უხარია, თუ ბიძინა ივანიშვილი ვეტინგის სისტემას ეწინააღმდეგება და მოსამართლეების განცხადებას იზიარებს.
შალვა თადუმაძემ სკანდალური ჩანაწერების გასაჯაროების შემდეგ პირველი კომენტარი "პირველებთან" გააკეთა.
სასამართლო სისტემასა და "ქართული ოცნების" ხელისუფლებას შორის ახალმა სკანდალმა იფეთქა - ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლე დარწმუნებულია, რომ სასამართლო კლანის ბოსები საგარეო საქმეთა სამინისტროს უმოქმედობის გამო დაასანქცირეს.
შალვა თადუმაძის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადებების ჩანაწერი "ნეტგაზეთმა" გაავრცელა. შალვა თადუმაძე პირდაპირ ახსენებს ფრაზებს საქართველოს ხელისუფლებაში არსებული კორუმპირებული პირების შესახებ და სხვა მოსამართლეებს ეკითხება, თუ რატომ არ დაასანქცირეს ისინი.
"ნეტგაზეთმა" კიდევ ერთი აუდიო ჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე ამბობს, რომ თუ ვინმე მის შემოწმებას გადაწყვეტს, მზად არის მოსამართლის მანტია გაიხადოს.