ალიბი არ გვჭირდება... ეს განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეთა დისკრედიტაციას ემსახურება - არეშიძის პასუხი კრიტიკოსებს

01.04.24 14:07
ალიბი არ გვჭირდება... ეს განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეთა დისკრედიტაციას ემსახურება - არეშიძის პასუხი კრიტიკოსებს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ეკა არეშიძე განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეების წინააღმდეგ აგორებულ დისკრედიტაციის კამპანიაზე წერს და განმარტავს იტალიაში ვიზიტის დეტალებს.

არეშიძის განცხადებით, იტალიაში ვიზიტი პირადი ხასიათის იყო და სასწავლო ვიზიტები სხვაგვარად იგეგმება. მანამდე სამთავრობო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს ვეტინგის მომხრე სამი მოსამართლე ამერიკის საელჩოს იუსტიციისა და მართლმსაჯულების მიმართულების კურატორმა იტალიაში წაიყვანა.

არეშიძე  განცხადებაში კიდევ ერთხელ აფიქსირებს, რომ ვეტინგს არ ეწინააღმდეგება. 

იტალიის ვიზიტთან დაკავშირებით!
მაოცებს ის პანიკა, რაც ჩემი და ჩემი მეგობრების იტალიაში გატარებულმა შვებულებამ გამოიწვია.
საერთოდ არ ვაპირებდი გამოხმაურებას და რამის ახსნას, მაგრამ რადგან ვრცელდება დეზინფორმაცია, ამ საჯარო პოსტით იმედია დავაკმაყოფილებ ცნობისმოყვარეთა ინტერესს. 
მინდა დავიწყო იმით, რომ 29 მარტს გავხდი 50 წლის!!
ჯერ კიდევ სექტემბერში გადავწყვიტე განსხვავებულ გარემოში შევხვედროდი ამ თარიღს. თანამოაზრეეებიც შემოვიკრიბე (ამ საკითხში), რა თქმა უნდა ჩემი მეგობრები. იმისთვის რომ ვიზიტი სასიამოვნოც ყოფილიყო და ბიუჯეტურიც, ნოემბერში შევიძინეთ ავიაკომპანია ვიზიარის ბილეთები. იანვრის ბოლოს დავჯავშნეთ სასტუმრო,  3 ვარსკვლავიანი, ქალაქ რომში, 3 და 2 ადგილიანი ნომრები. თებერვალში დამატებით გადავიხადეთ ბარგის თანხა.  ეს ყველაფერი სართო ჯამში თითოეულს დაგვიჯდა 2000 ლარამდე (შეიძლება ვინმეს გამოადგეს ეს გამოცდილება).
რომში მართლაც სასიამოვნოდ და მხიარულად გავატარე დრო, საოცრად კომფორტულ და საინტერესო ადამიანებთან ერთად.
არ ვთვლი, რომ ვინმეს ანგარიში უნდა ჩავაბარო, სად და ვისთან ერთად დავისვენებ თუ ვიცხოვრებ.
რაც შეეხება ვეტინგს, ამაზე პოზიცია საჯაროდ დავაფიქსირე, დავაზუსტებ რომ ვეტინგს არ ვეწინააღმდეგები, თუ ამის საჭიროებაა. 
ალიბი არ გვჭირდება. სხვათაშორის ჩემი ამ გეგმის შესახებ, ჩემმა სხვა ბევრმა კოლეგამაც იცოდა, ასევე ისიც თუ ვისთან ვმეგობრობ წლებია, არ არის საიდუმლო.
სასწავლო ვიზიტები სხვაგვარად იგეგმება და ფინანსდება, სადაც მხოლოდ მე და ჩემი მეგობრები არ დავდივართ. 
ეს კამპანია იმ მოსამართლეთა დისკრედიტაციას ემსახურება ვისაც განსხვავებული პოზიცია აქვს, თუმცა არ არის პრობლემა, ყოველთვის მქონდა და მექნება ჩემი აზრი და პოზიცია.
გმადლობთ ყურადღებისთვის, ყველას ბედნიერ დასვენებას გისურვებთ," - წერს მოსამართლე.

ცნობისთვის, ვეტინგის სისტემის შესაძლო ამოქმედებამ გავლენიანი მოსამართლეების ნაწილი წყობიდან გამოიყვანა.  ზოგი სისტემიდან წასვლით იმუქრება, ზოგსაც აქვს მოლოდინი, რომ საქმეშიი პირადად ივანიშვილი ჩაერთვება

"აღარ არის სიჩუმის და იმის დრო, რომ რაღაც ეთიკური სტანდარტებით შევიზღუდოთ" - ამბობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან თევზაძე. 

რა დაწერა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შესახებ ევროკომისიამ?

ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის ანგარიშის თანახმად, საქართველოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად ხელისუფლებამ სხვა დათქმების შესრულებასთან ერთად, კეთილსინდისიერების შემოწმების დროებითი მექანიზმიც უნდა შექმნას. შემოწმება უნდა შეეხოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, სასამართლოს თავმჯდომარეებსა და ამ პოზიციებზე დასანიშნ კანდიდატებს.

 

მსგავსი სიახლეები