"დღეს ხელისუფლება უკეთ არის მომზადებული ტყუილის ტირაჟირებაში" - უსუფაშვილი
პარტია "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, დავით უსუფაშვილი ხელისუფლებას სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირწმუნება, რომ ოლიგარქის გუნდი მომავალში ბევრად უფრო ორგანიზებულად შეეცდება საზოგადოების მოტყუებას.
უსუფაშვილი "საჯარო პოლიტიკის" ეთერში ამბობს, რომ ახლა დროა საზოგადოება გაერთიანდეს და მოქალაქეებმა ერთიანი ძალისხმევით სტრატეგიულ პარტნიორებს ხმა მიაწვდინონ.
დღეს ხელისუფლება უკეთ არის მომზადებული ტყუილის ტირაჟირებაში, სიცრუის კამპანიის სხვადასხვა ფორმით გავრცელებაში. ისინი თვლიან, რომ იქნებიან უფრო ორგანიზებული და ეფექტური ძალა მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის ამოცანაში, ვიდრე ჩვენ ყველა დანარჩენი თავისუფალი ადამიანები. მათ იმის იმედი აქვთ, რომ ოპოზიცია, მედია სხვადასხვანაირია. იმის იმედი აქვთ, რომ ჩვენ გავგიჟდებით, გავბრაზდებით და პროვოკაციას მოგვიწყობენ, ან დავიღლებით. ჩვენ, მთელმა საქართველოს იმ ნაწილმა, ვინც ზუსტად ვიცით, რომ ეს კანონი რუსულია, ეს არგუმენტები უნდა გამოვიყენოთ ჩვენი მეზობლებისთვის, მეგობრებისთვის სიმართლის მისაწოდებლად", - ამბობს უსუფაშვილი.
პარლამენტში ბიუროს სხდომაზე რუსული კანონი მეორედ დაინიცირდა. კანონპროექტზე მსჯელობა კი პარლამენტში პარასკევიდან დაიწყება.
ბიუროს სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციონერ დეპუტატებს ჰქონდათ კითხვები სამთავრობო გუნდთან - აინტერესებდათ, რას პასუხობენ ისინი პარტნიორების კრიტიკას, რომლებიც ამბობენ, რომ ქვეყნის ევროპულ მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს რუსული კანონი. ოპოზიცია ითხოვს, რომ რუსული კანონი პარლამენტმა არ მიიღოს.