კანონი საფრთხეში აყენებს ქვეყნის მომავალს EU-ში. ველოდები, შოლცი ამას გარკვევით ეტყვის კობახიძეს - ბუნდესტაგის წევრი
"საქართველოს მთავრობა საფრთხეში აყენებს ქვეყნის მომავალს EU-ში. ველოდები, რომ ოლაფ შოლცი ამას გარკვევით იტყვის კობახიძესთან საუბარში", - ამ განცხადებას ბუნდესტაგის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ანტონ ჰოფრაითერი ავრცელებს.
ის "ქართული ოცნების" მიერ რუსული კანონის ხელახალ ინიცირებას ეხმაურება და იმედოვნებს, რომ ოლაფ შოლცი კობახიძეს ამ საკითხზე გარკვევით დაელაპარაკება.
საქართველოს მმართველი პარტია თავისი უახლესი საკანონმდებლო წინადადებით დააშინებს და დისკრედიტაციას მოუტანს საკუთარ სამოქალაქო საზოგადოებას. ამით ის საფრთხეში აყენებს საქართველოს მომავალს ევროკავშირში.
ველოდები, რომ კანცლერი შოლცი ამას გარკვევით იტყვის პარასკევს პრემიერმინისტრ კობახიძესთან საუბარში. გერმანია დგას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების და ყველა იმ ადამიანის გვერდით, ვინც ქვეყნის ევროპული გზის ერთგულია, - წერს ჰოფრაითერი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა.
ის, რომ გერმანიაში რუსული კანონის მეორე ჯერზე ინიცირებას კრიტიკული შეფასება მოჰყვა, ეს ჩანს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მიერ Deutsche Welle-სთვის მიცემულ ინტერვიუში. სებასტიან ფიშერი ამბობს, რომ პრესისა და მედიის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველია და ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
გარდა ფიშერის განცხადებისა, გერმანიის მთავრობის სპიკერის მოადგილე, კრისტიანე ჰოფმანი მიანიშნებს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება რეფორმების შესრულებას არ განაგრძოობს და არ იტყვის უარს სადავო კანონზე, შესაძლოა ქვეყანა ევროკავშირის წევრი კიდევ დიდხანს ვერ გახდეს.