on.ge: გერმანიის ელჩი შესაძლოა, "გადაუდებელი საქმის" გამო, გერმანიაში გაემგზავროს

15.04.24 16:12
on.ge: გერმანიის ელჩი შესაძლოა, "გადაუდებელი საქმის" გამო, გერმანიაში გაემგზავროს

გერმანიის ელჩი შესაძლოა, "გადაუდებელი საქმის" გამო, გერმანიაში გაემგზავროს - ამ ინფორმაციას on.ge ავრცელებს.

ამის შესახებ ონლაინ გამოცემისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივამ" საელჩოსგან მიიღო წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ გერმანიის ელჩი ვერ დაესწრება მათ ღონისძიებას 18 აპრილს. წერილში, მიზეზად დასახელებულია "გადაუდებელი საკითხის გამო" ელჩის "სასწრაფოდ" გერმანიაში გამგზავრება.

როგორც ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივისწარმომადგენელი მანანა ქოჩლაძე ამბობს, თავდაპირველად ელჩისგან მიიღეს თანხმობა ღონისძიებაზე 18 აპრილს დასწრების შესახებ.

ელჩი სიამოვნებით დაგვთანხმდა, ის აქტიურად თანამშრომლობს სამოქალაქო საზოგადოებასთან. გერმანიის მთავრობა ცდილობს განახორციელოს ღონისძიებები, რომელიც შეამცირებს კლიმატის ცვლილების გავლენას მოწყვლად ქვეყნებში და მათ შორის — საქართველოში", - განაცხადა ქოჩლაძემ.

 მისივე თქმით, გერმანიის საელჩოსგან მიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ ღონისძიებაზე ვერც ელჩის მოადგილეები მივლენ, რადგან "ისინი ან არ იქნებიან ქვეყანაში, ან — დაკავებული იქნებიან სხვა საქმეებით".

მანანა ქოჩლაძე ფიშერის გერმანიაში სასწრაფო გამგზავრებას უკავშირებს რუსულ კანონს, რომლის განხილვაც პარლამენტმა დღეს დაიწყო. ის ვარაუდობს, რომ ელჩი, პრობლემური სიტუაციის შექმნის გამო, ვითარების განსახილველად დაიბარეს.

ამას ვაკავშირებთ იმ სიტუაციასთან რაც მმართველმა პარტიამ შექმნა ქვეყანაში და რუსული კანონის მიღებასთან, რომელზეც გერმანიის კანცლერმაც უთხრა პრემიერს, რომ ეს არ არ ის მისაღები, გერმანულადაც ზუსტად ასე ჟღერდა", — თქვა ქოჩლაძემ.

გერმანიის საელჩოში NEWS.On.ge-ს უთხრეს, რომ ელჩი, ამჟამად, საქართველოშია და სამუშაო რეჟიმშია. ისინი არ ამბობენ, აპირებს თუ არა ფიშერი გერმანიაში გამგზავრებას და ამბობენ, რომ ელჩი გერმანიის ხელისუფლებას არ გაუწვევია. დამაზუსტებელ კითხვას, რა შეიძლება იგულისხმებოდეს "გადაუდებელი საქმის გამო გამგზავრებაში", დიპლომატიურ უწყებაში გვეუბნებიან, რომ "ეს, შესაძლოა, პირადი საკითხიც იყოს".

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე გერმანიაში 12 აპრილს იმყოფებოდა, ის შეხვდა კანცლერ ოლაფ შოლცს. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერეციაზე შოლცმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარლამენტი გამჭვირვალობის შესახებ კანონს არ მიიღებდა.