"ადგილი აქვს მოქალაქეთა მიმართ მძიმე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებს" - NGO-ების მიმართვა შსს-ს
"ადგილი აქვს მოქალაქეთა მიმართ მძიმე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებს", - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.
ისინი შსს-ს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსული კანონის წინააღმდეგ 2024 წლის 16 აპრილს გამართულ აქციაზე დაკავებულია 11 დემონსტრანტი. თუმცა, ეს არ არის დაკავებულთა საბოლოო რაოდენობა, პოლიცია განაგრძობს მოქალაქეების შეკრების თავისუფლებაში უკანონო ჩარევას, კვლავ აკავებს მშვიდობიან დემონსტრანტებს და გარკვეულ შემთხვევებში, ადგილი აქვს მოქალაქეთა მიმართ მძიმე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებს. არაერთი მცდელობის მიუხედავად, შსს ადვოკატებს არ აწვდის ინფორმაციას დაკავებულთა ადგილსამყოფელის შესახებ.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება და ასევე, დროულად მიაწოდოს ადვოკატებს ინფორმაცია დაკავებულთა ადგილსამყოფელის შესახებ. მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები," - წერია განცხადებაში.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
- საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
- ადამიანის უფლებათა ცენტრი
- უფლებები საქართველო
- სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
ამ წუთებში მომიტინგეთა ნაწილი პარლამენტის გვერდითა შესასვლელებთან არის მობილიზებული. ადგილზე ამ დრომდე რჩება სპეცრაზმი. რამდენჯერმე დაიძაბა სიტუაცია საკანონმდებლო ორგანოსთან, როდესაც გაფრთხილების გარეშე სამართალდამცავებმა მოქალაქეების დაკავება, მათზე ფიზიკური ანგარიშსწორება და დევნა დაიწყეს.
რუსთაველზე მასიური დაკავებები დაიწყო - სპეცრაზმი აქციის მონაწილეებზე ძალადობს და აკავებს:
- "თავშიც მომხვდა, რომ დავვარდი ძირს, ფიზიკურად მისწორდებოდნენ,“ - ამის შესახებ „პირველებთან“ ერთ-ერთი მოქალაქე ყვება.
- იარაღებით გამოგვეკიდნენ - სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებზე ნადირობა ჩიხებში დაიწყო (ვიდეო)
პარლამენტთან დაკავებების რამდენიმე ეპიზოდი იყო. პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე "ლელოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე დააკავეს. მის გარდა სამართალდამცავებმა კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის გირჩი - მეტი თავისუფლების წევრი. არსებული ინფორმაციით, კუპრაძეს დაკავების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ.