იარაღებით გამოგვეკიდნენ - სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებზე ნადირობა ჩიხებში დაიწყო (ვიდეო)
სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებზე ნადირობა დაიწყო - მოქალაქეები "პირველებთან" ამბობენ, რომ მათ იარაღი დაუმიზნეს.
"შსს-ს ოპერატორს, სპეცრაზმელმა უთხრა, რომ ნუ გადაიღებო"- ამბობს მოქალაქე.
ვიდექით მშვიდად, კატის სურათებს ვაჩვენებდი, უცებ, არც გამოგვიცხადეს, არც გაგვაფრთხილეს - ერთიანად ყველას მოგვაწვნენ, გადაგვიარეს, ესე გაგვაქციეს და იარაღებით გამოგვეკიდნენ, გინებით და ცემით - პოლიციის ოპერატორია, ეუბნებოდნენ, ნუ იღებო"- ამბობს მოქალაქე.
რამდენიმე წუთის წინ, რუსთაველზე მასიური დაკავებები დაიწყო
თავშიც მომხვდა, რომ დავვარდი ძირს, ფიზიკურად მისწორდებოდნენ - რას ჰყვება ერთ-ერთი დაშავებული.
პარლამენტთან დაკავებები დაიწყო, დაახლოებით, 22:00 საათზე. პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე "ლელოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე დააკავეს. მის გარდა სამართალდამცავებმა კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის გირჩი - მეტი თავისუფლების წევრი. არსებული ინფორმაციით, კუპრაძეს დაკავების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამართალდამცავები მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს აკავებენ. ასევე, შსს-მ გამაფრთხილებელი სიგნალი ჩართო, რის შემდეგაც სპეცრაზმი აქციის დარბევასა და წყლის ჭავლის გამოყენებას იწყებს.
მანამდე სამართალდამცავებმა წიწაკის სპრეი გაუშვეს. რობოკოპებმა პარლამენტის ტერიტორიის მოქალაქეებისგან გაწმენდა დაიწყეს. ადგილზეა წყლის ჭავლის მანქანაც.
"მონებო" - ამ შეძახილების ფონზე მოუწიათ "ოცნების" დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოს შენობის დატოვება.
კადრებში ჩანს, როგორ ჩამოდიან დეპუტატები პარლამენტში სხდომათა დარბაზიდან კიბეებზე და ამ დროს საპროტესტო აქციის მონაწილეები მათ მიმართავენ - "მონებო".
"ჩვენ ვართ ევროპა", Never Back to USSR - ეს სტიკერები მშვიდობიანი აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის ფანჯრებზე მიაკრეს.
პარლამენტთან აქცია გრძელდება. შეკრებილები რუსული კანონის ხელმეორედ ინიცირებას აპროტესტებენ.
ფართომასშტაბიანი აქციის ფონზე უწევთ "ქართული ოცნების" დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოს დატოვება:
- პარლამენტს პაპუაშვილი სპეცრაზმის დახმარებით ტოვებს.
- სესიაზე რუსული კანონის განხილვის პირველი დღის დასრულების შემდეგ დეპუტატები რობოკოპების დახმარებით ტოვებენ.
რუსული კანონის განხილვა სასესიო სხდომაზე დღეს დასრულდა, კენჭისყრა ხვალ გაგრძელდება.
პარლამენტის ჭიშკარი სპეცრაზმს აქვს დაკავებული, ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს, არც მედიას აქვს მიახლოების საშუალება.
ოპოზიცია კანონპროექტის გაწვევას ითხოვს. სხდომა დღეს დაპირისპირების, ხმაურისა და გინების ფონზე მიმდინარეობდა.
პარლამენტთან დაძაბული ვითარებაა, მობილიზებულია უპრეცენდენტო რაოდენობის სამართალდამცავები. სპეცრაზმი პარლამენტის შენობიდან გარეთ გამოიყვანეს.