თუ ოქტომბრამდე არაფერი შეიცვლება, ევროკომისიის შეფასება უარყოფითი იქნება - ჟოზვიაკი
რატომ გადაწყდა ევროპული საბჭოს ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და რუსულ კანონზე მსჯელობა - როგორც "პირველებს" რადიო თავისუფლების ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტი რიკარდ ჟოზვიაკი ეუბნება, საქართველოში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით ევროპელი ლიდერები შეშფოთებულები არიან.
ჟოზვიაკის თქმით, თუ საქართველო სადავო კანონს საბოლოოდ მიიღებს, არის რისკი, რომ ოქტომბერში ევროკომისიამ უარყოფითი შეფასება დადოს და ამ ფაქტმა შესაძლოა ნეგატიური გავლენა მოახდინოს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე.
თუ კანონს არ ჩააგდებენ და ასე გააგრძელებენ და დაამტკიცებენ მეორე და მესამე მოსმენაზეც, აქ არავინ ფიქრობს, რომ საქართველო გააგრძელებს პროგრესს ევროკავშირში. ასე მარტივადაა საქმე. ძალიან მნიშვნელოვანია რამე გააკეთოთ კანონთან დაკავშირებით, რომ გააგრძელოთ წინ სვლა ევროკავშირისკენ. ამ საკითხზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ისაუბრებენ მინისტერიალის ფარგლებში. ეს საკითხი დღის წესრიგში არ იყო, მაგრამ ჩასვეს გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, რადგან ძალიან შეწუხებულები არიან. არის კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არასწორ გზას ადგას. მესიჯი ძალიან მკაფიოა, ნახეთ შარლ მიშელის ტვიტი, ბორელის განცხადება. თუ ოქტომბრამდე არაფერი შეიცვლება, ევროკომისიის შეფასება უარყოფითი იქნება. ძალიან საეჭვოა, რომ კანონის არსებობის შემთხვევაში გაუხსნან საქართველოს მოლაპარაკებების ფანჯარა. თქვენ უკვე ჩამორჩენით ერთი ნაბიჯით უკრაინას და მოლდოვას, ახლა კი რისკავთ და უფრო მეტად ჩამორჩენის საშიშროება არსებობს," - ამბობს რიკარდ ჟოზვიაკი.
საქართველოს საკითხს ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ. ევროპული საბჭოს ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე ლიდერები საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და რუსულ კანონზე იმსჯელებენ.
მანამდე კი, საქართველოს პრეზიდენტმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს მიმართა. სალომე ზურაბიშვილმა ლიდერებს საქართველოში მიმდინარე პროცესები გააცნო. საბჭოს დღის წესრიგში ეს თემა შეტანილი არ იყო, თუმცა ზურაბიშვილი იმედოვნებდა, რომ მოხდება ამ საკითხის განხილვა.