"ბიძინა ივანიშვილს შიშები არ ახასიათებს" - ხუნდაძე ოფშორებთან დაკავშირებულ კანონზე

19.04.24 14:25
"ბიძინა ივანიშვილს შიშები არ ახასიათებს" - ხუნდაძე ოფშორებთან დაკავშირებულ კანონზე

"ხალხის ძალის" წევრი დიმიტრი ხუნდაძე ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციების არ ეშინია და ოფშორებთან დაკავშირებული კანონი პარლამენტმა ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობისთვის მიიღო. 

ბიძინა ივანიშვილს შიშები არ ახასიათებს. ეს კანონი არ არის ერთეულ პიროვნებებზე გათვლილი. ეს არის საშუალება ქართული ეკონომიკისთვის და ბიძგი იმისა, რომ მეტი დასაქმებული იყოს, მეტი ეკონომიკური სარგებელი ნახოს ქვეყანამ და ამ ნაწილშიც იყოს გამჭვირვალე ყველა და ყველასთვის, ვინც კი ამის მონაწილე და ბენეფიციარი იქნება, - ამბობს ხუნდაძე. 

ივანიშვილის ქონების დაცვაზე მორგებული კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცეს.

კანონპროექტის მიღებით, ივანიშვილს საშუალება ეძლევა ოფშორებში გადამალული ქონება  დაუბეგრავად შემოიტანოს საქართველოში. 

კანონი ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის პირველ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს.

ამავე პროექტით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება.

 

მსგავსი სიახლეები