ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მხარს უჭერენ ჩვენს ქვეყანას, სახელმწიფოს და ჩემს შვილსაც- ალასანია
დღეს მიღებული რეზოლუცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ისინი პირველ რიგში მხარს უჭერენ ჩვენს ქვეყანას, სახელმწიფოს და მხარს ჩემს შვილსაც, რაც მე ძალიან მახარებს.“- ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.
რამდენი რეზოლუცია მიიღეს უკვე პერსონალურად ჩემს შვილთან, მის თავისუფლებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მათი დღის წესრიგი გადატვირთული იყო, საქართველოს საგანგებოდ დიდი ყურადღება მიექცა, დებატები უძღოდა წინ დღევანდელ დღეს და საბოლოოდ მიიღეს რეზოლუცია, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყანას, სახელმწიფოს უჭერენ პირველ რიგში მხარს და მხარს უჭერენ ჩემს შვილსაც, რაც მე ძალიან მახარებს.“ - განაცხადა გიული ალასანიამ.
425 ხმით რუსული კანონის წინააღმდეგ უმწვავესი რეზოლუცია დამტკიცებულია.
მთლიან რეზოლუციასთან ერთად ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ცვლილებების შეტანასაც საბოლოო დოკუმენტში.
აღნიშნული ცვლილებებით ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის საკითხის გადახედვას.
რეზოლუციის საბოლოო დოკუმენტში ასევე დაყენებულია პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლების საკითხი. ამ ჩანაწერს მხარი 430-მა დეპუტატმა დაუჭირა.