რეზოლუციაში შავით-თეთრზე წერია, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირისკენ მისწრაფებებს - ბადრი ჯაფარიძე

25.04.24 17:35
რეზოლუციაში შავით-თეთრზე წერია, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირისკენ მისწრაფებებს - ბადრი ჯაფარიძე

რეზოლუციაში შავით-თეთრზე წერია, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირისკენ მისწრაფებებს - ასე ეხმაურება "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ევროპარლამენტის უმწვავეს რეზოლუციას. 

საგანგებო ბრიფინგზე, ოპოზიციონერმა ლიდერმა პირდაპირ თქვა, რომ დღეს მიღებულმა ისტორიულმა რეზოლუციამ "ოცნების" სპიკერების ტყუილები ღიად გამოიტანა სააშკარაოზე.

ჯაფარიძე ამბობს, რომ "ოცნება" ქვეყანაში რუსული ინტერესების გამტარია და ცდილობს საქართველოს ევროპული გზა ჩაუკეტოს, თუმცა "ლელოს" ლიდერი აცხადებს, რომ ბრძოლა ქართველ ხალხთან ერთად ევროპული მომავლის დასაცავად ბოლომდე იქნება.

დღეს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია "ქართული ოცნების" მიერ რუსული კანონის ხელახლა შემოტანასთან დაკავშირებით. ამ რეზოლუციაში შავით-თეთრზე წერია, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირისკენ მისწრაფებებს, შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და შეუქმნის დიდ წინაღობას ქართველი ხალხის სურვილს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ამიტომ, "ოცნების" სპიკერების ყველა უბადრუკი მცდელობა, რომ წარმოაჩინონ, თითქოს ამ კანონის მიღების შემდეგ, საქართველოსთვის ევროკავშირის კარი იქნება ღია, არის უსინდისო ტყუილი, ამავე დროს ხაზგასასმელია, რომ "ოცნების" სპიკერები საუბრობენ, რომ თითქოს, ეს კანონი ემსახურება საქართველოს სუვერენიტეტის დაცვას. ვისგან დაცვას აპირებენ ეს რუსული ძალის წარმომადგენლები? სამოქალაქო საზოგადოებას და ქართველ ხალხს წლებია ეხმარებიან ისეთი ქვეყნები, როგორებიც არიან: შვედეთი, დანია, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები - მათგან აპირებს თურმე "ოცნება" დაიცვას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, როდესაც სწორედ ეს ქვეყნები არიან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გარანტორები. ეს ქვეყნები არიან სწორედ, ვინც ჩვენს ხალხს უდგანან გევრდით და ამ დროს, ვისგანაც ჩვენ დაცვა გვჭირდება არის რუსეთი, რომელიც ასე გამჭვირვალედ კი არ ეხმარება სამოქალაქო საზოგადოებას ჩვენს ქვეყანაში, არამედ ფარულად შემოდის ჩვენს ქვეყანაში, ააშენა აგენტურული ქსელი, გაჟღინთა "ოცნება" თავისი აგენტურით. აი ვისგან დაცვა სჭირდება ჩვენს ქვეყანას, მაგრამ "ოცნება" როგორც რუსული ძალის გამოხატული წარმომადგენელი, ცდილობს ქართველ ხალხს ისტორიული შანსი წაართვას და ჩვენ ამის საშუალებას არ მივცემთ", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე. 

425 ხმით რუსული კანონის წინააღმდეგ უმწვავესი რეზოლუცია დამტკიცებულია. 

მთლიან რეზოლუციასთან ერთად ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ცვლილებების შეტანასაც საბოლოო დოკუმენტში.

აღნიშნული ცვლილებებით ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის საკითხის გადახედვას403 ევროპარლამენტარი იყო მომხრე, რომ ეს ჩანაწერი რეზოლუციის საბოლოო დოკუმენტში მოხვედრილიყო.

რეზოლუციის საბოლოო დოკუმენტში ასევე დაყენებულია პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლების საკითხი. ამ ჩანაწერს მხარი 430-მა დეპუტატმა დაუჭირა.

 

მსგავსი სიახლეები