რეზოლუცია ევროპარლამენტის რეპუტაციის კიდევ ერთი სირცხვილის ლაქაა - ეკა სეფაშვილი
რეზოლუცია მათი რეპუტაციის კიდევ ერთი სირცხვილის ლაქაა - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
სეფაშვილი ევროპარლამენტის უმწვავეს რეზოლუციას უსამართლოს და დეზინფორმაციაზე დაყრდნობილს უწოდებს.
მისი თქმით, რეზოლუცია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს ჩრდილს ვერ მიაყენებს, რაადგან მას ევროკომისია არ გაითვალისწინებს.
ევროპარლამენტის მხრიდან უსამართლო, დეზინფორმაციაზე დამყარებული რეზოლუციების მიღება უცხო არ არის. მათი რეპუტაციის ეს კიდევ ერთი სირცხვილის ლაქაა და თუ გავითვალისწინებთ, ნიკა გვარამია, გიული ალასანია იყო ჩასული, ძალიან ადვილად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რეზოლუციის უკან რა დონის დაფინანსება და ლობიზმია, თუ გავიხსენებთ ახლო წარსულის გამოცდილებას, როდესაც „ფარას“ დოკუმენტებიდან შევიტყვეთ, როგორ ლობირებდა მესამე პრეზიდენტის ოჯახი, მილიონობით დოლარით, საქართველოს იმიჯის შელახვას. ახლაც, როგორც ჩანს, მსგავსი სიტუაციაა. გვახსოვს, „კატარ გეითის“ ქეისი, სადაც კორუფციული გარიგებები გამჟღავნდა, არ გამოვრიცხავ, მსგავსი ტიპის კორუფციულ გარიგებას ჰქონდეს ადგილი.
რეზოლუცია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს ჩრდილს ვერ მიაყენებს. ევროკომისია მას არ გაითვალისწინებს და არ მოხდება არც ჩვენი ურთიერთობების გადახედვა ევროკავშირთან და მით უმეტეს, არც ვიზალიბერალიზაციის გადახედვა, რომელიც საქართველომ სრულიად დამსახურებულად მიიღო. ეს ევროპარლამენტარების გარკვეული ჯგუფის სურვილია, რომელიც დღეს არ გასჩენიათ. სურვილი ჰქონდათ, საქართველოს ვერ მოეღწია სტატუსისათვის, საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი დასანქცირებულიყო, საქართველოს მიმართ ამ მტრულ დამოკიდებულებას დიდი გაგრძელება არ უწერია და საქართველო 2030 წელს აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
425 ხმით რუსული კანონის წინააღმდეგ უმწვავესი რეზოლუცია დამტკიცებულია.
მთლიან რეზოლუციასთან ერთად ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ცვლილებების შეტანასაც საბოლოო დოკუმენტში.
აღნიშნული ცვლილებებით ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის საკითხის გადახედვას.
რეზოლუციის საბოლოო დოკუმენტში ასევე დაყენებულია პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლების საკითხი. ამ ჩანაწერს მხარი 430-მა დეპუტატმა დაუჭირა.