"საგარეო პოლიტიკურ კურსს და ჩვენს უსაფრთხოებას არ წაადგება" - თედო ჯაფარიძე რუსულ კანონზე
"უცხოური გავლენის კანონი საგარეო პოლიტიკურ კურსს და ჩვენს უსაფრთხოებას არ წაადგება" - ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი (2003-2004 წწ) და პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარენ (2012-2016 წლებში "ქართული ოცნების" სიით), თედო ჯაფარიძემ "ნეტგაზეთთან" განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, როდესაც მთელი მსოფლიო ფეხზე წამოდგა და გვეუბნება, რომ რუსული კანონი არ წადგება ჩვენს მომავალს ევროპულ გზაზე, ამ დროს "ოცნების" მხრიდან იმის ძახილი, რომ დასავლეთი არასწორია, "სასაცილო იქნებოდა ტრაგიკომიკური რომ არ იყოს"
"30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს, რომლებიც თითქოსდა განსაზღვრულია ჩვენი კონსტიტუციით და იმ პრაქტიკით, რა გზასაც დამოუკიდებლობის ხელმეორედ მოპოვების შემდეგ ვადექით...
რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ მთელი მსოფლიო არასწორია და მხოლოდ ჩვენ, ვინც უცხოური გავლენის კანონს იღებს, ვართ მართალი, სასაცილო იქნებოდა ტრაგიკომიკური რომ არ იყოს....
არ ვიცი, რამ განაპირობა ახლა ამ კანონის ინიციირება, მაგრამ, რა თქმა უნდა, საგარეო პოლიტიკურ კურსს და ჩვენს უსაფრთხოებას ამგვარი კანონი არ წაადგება. ყოველგვარი გაზვიადების გარეშე ვამბობ, მთელი მსოფლიო ფეხზე წამოდგა და გვირჩევს - თავში არავინ გვირტყამს, რომ ეს კანონი არ წაადგება იმას, რაც ჩვენ გვინდა. თუ [ევროინტეგრაცია] არ გვინდა და ვინც ამ კანონის ინიცირებას ახდენს, ის პოლიტიკასაც ცვლის, ეს სხვა თემაა, მაგრამ ეს კანონი მიიღო და ამავე დროს იძახო, მაინც ევროპისკენ მივდივართ, ეტყობა, ასე არ გამოდის - ამას გვეუბნება მთელი მსოფლიო", - განაცხადა ჯაფარიძემ.
425 ხმით რუსული კანონის წინააღმდეგ უმწვავესი რეზოლუცია დამტკიცებულია.
მთლიან რეზოლუციასთან ერთად ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ცვლილებების შეტანასაც საბოლოო დოკუმენტში.
აღნიშნული ცვლილებებით ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის საკითხის გადახედვას.
რეზოლუციის საბოლოო დოკუმენტში ასევე დაყენებულია პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლების საკითხი. ამ ჩანაწერს მხარი 430-მა დეპუტატმა დაუჭირა.