როგორ პასუხობენ ხელისუფლების მიერ დაანონსებულ რეპრესიებს არასამთავრობო ორგანიზაციები?

03.06.24 15:18
როგორ პასუხობენ ხელისუფლების მიერ დაანონსებულ რეპრესიებს არასამთავრობო ორგანიზაციები?

ხელისუფლების მიერ დაანონსებულ რეპრესიებს გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეხმაურებიან.

სამოქალაქო სექტორის წევრები პირდაპირ ამბობენ, რომ რუსულ კანონს ისინი არ დაემორჩილებიან და ბრძოლას ადამიანის უფლებების დასაცავად და ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ისევ გააგრძელებენ. 

მაშინ, როცა სახელისუფლებო გუნდის ლიდერები არასამთავრობო ორგანიზაციებს დაყადაღებით ემუქრებიან, მესამე სექტორში ამბობენ, რომ ისინი აქტივობებს არ შეწყვეტენ და არჩევნების პერიოდში თავიანთ როლს შეასრულებენ. 

თავისი საზომით ზომავენ ხელისუფლების წარმომადგენლები სხვებს - ჩვენ არ ვმუშაობთ ხელფასებისთვის და პროექტებისთვის, ჩვენ ვმუშაობთ ქართველი ხალხისთვის, ამ ქვეყნისთვის და გვინდა, რომ ეს ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი. ამიტომ დაგვაყადაღებენ თუ კიდევ რაღაცასა იზამენ, ეს ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ჩვენს აქტივობას არ გავაჩერებთ და რა თქმა უნდა, არჩევნების პერიოდში ჩვენს როლს შევასრულებთ,“ - ამბობს ეკა გიგაური.

გურამ იმნაძის თქმით, ჯერჯერობით, რუსული კანონი სისხლის სამართლებრივ დევნას არ ითვალისწინებს, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ ახლადმიღებულ კანონში ცვლილებებიც შევიდეს.

ეს კანონი არ არს თავსებადი დემოკრატიულ ღირებულებებთან, პრინციპებთან და ჩვენ არ ვაპირებთ რუსული კანონის წესებით მოქმედებას, ჩენ არ ვაპირებთ რუსული კანონისთვის დამორჩილებას, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გავაჩერებთ ჩვენს საქმიანობას, პირიქით, ცხადია, უფრო მეტი მოტივაციით, ენერგიით განვაგრძობთ დემოკრატიაზე მუშაობას, დემოკრატიისთვის ბრძოლას. ჯერ ეს კანონი არანაირ სისხლის სამართლებრივ სანქციას არ ითვალისწინებს, არც ვთქვათ, ადმინისტრაციულ პატიმრობას, თუმცა ამ კანონის პარალელურად სისხლის სამართლის კოდექსი რამდენად იქნება გამოყენებული, როგორ იქნება გამოყენებული ან თვითონ კანონში შევა თუ არა ცვლილებები, ამის წინასწარ გათვლა შეუძლებელია, თუმცა ნამდვილად არ უნდა გამოვრიცხოთ,“ - ამბობს გურამ იმნაძე.

ფონდი ღია საზოგადოების იურისტი, საბა ბრაჭველი ამბობს, რომ ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებისგან სამართლებრივ პასუხს მიიღებს რეპრესიული კანონის გამო.

ეს არის ხელისუფლების სურვილი, რომ სამართლებრივი გზით ეცადოს სამოქალაქო სექტორის დაძლევას, მაგრამ ამ ორგანიზაციებში მუშაობენ ზუსტად საქართველოს საუკეთესო იურისტები და ამ სამართლებრივი მექანიზმებსაც სამართლებრივ პასუხს გავცემთ. ჩვენ, რასაც ვაპირებთ არის ის, რომ დავარღვიოთ ეს კანონი ყოველდღე, გავაგრძელოთ ადამიანების დახმარება, ჩვენ არ ვაპირებთ ამ კანონის დამორჩილებას,“ - ამბობს საბა ბრაჭველი.

პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც რუსული კანონის დამტკიცების შემდეგ შექმნილ რეესტრში არ დარეგისტრირდებიან, რეპრესიებით კახა კალაძეც ემუქრება.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა სამართლებრივი დავა დაანონსეს და განაცხადეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ რუსული კანონის შესაჩერებლად

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის დამტკიცებულ რუსულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. სალომე ზურაბიშვილი ახლა ფიქრობს, ინდივიდუალურად გადააგზავნოს სასამართლოში სახიფათო კანონი თუ საკონსტიტუციოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მიმართოს. 

მსგავსი სიახლეები