ბუნებაში არ არსებობს მიზეზი, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დასანქცირდნენ - კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე შტატების მხრიდან "ოცნების" წევრების დასანქცირებას არ ელოდება.
კალაძე ირწმუნება, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დასანქცირების მიზეზი ბუნებაში არ არსებობს.
ამასთან, თბილისის მერი ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, რომ „ქართული ოცნების“ წევრებს ელექტრონულ ფოსტაზე მისდით შეტყობინება სავიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე“.
კალაძის რიტორიკა სტრატეგიული პარტნიორების მიმართ დღეს შერბილებული იყო. "ოცნების" ლიდერი შტატებთან ურთიერთობების გაღრმავების შესახებ ალაპარაკდა.
„როდესაც სხვა ქვეყნის წარმომადგენელს ასანქცირებ, ამას საბაბი უნდა ჰქონდეს. არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები დასანქცირდნენ. მე მაქვს მარტივი კითხვა - რატომ? ბუნებაში არ არსებობს მიზეზი, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დასანქცირდნენ - თუ იცით რამე მიზეზი, მითხარით და მივიღებ, შეიძლება ბოდიშიც მოვიხადო. ამის არანაირი არგუმენტი არ არსებობს. არასერიოზულია სანქციებზე საუბარი. მზად ვართ, ურთიერთობები გავაღრმაოთ. იყოს მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა გაღრმავდეს. იყოს ჯანსაღი ურთიერთობები, ჩვენი გზა არის ევროპა და ევროპული მომავალი. თუ რაიმე წარმატება გვაქვს მიღწეული ამ გზაზე, ჩვენი ხელისუფლების და ქართველი ხალხის დამსახურებაა. ამ შემართებით და სულისკვეთებით ვაგრძელებთ მუშაობას.
თუ იმაზეა საუბარი, რატომ მივიღეთ კანონი - პარლამენტი იმისთვისაა და მოსახლეობის უმეტესობამ იმიტომ დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას“, რომ მისი ვალდებულებაა კანონები მიიღოს, გაითვალისწინოს ქვეყნის ინტერესები. გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია და შეუძლებელია ეს ყველაფერი ეწინააღმდეგებოდეს ევროპას და ევროპულ ღირებულებებს“, - განაცხადა კალაძემ.
"ქართული ოცნების" ლიდერებს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა უკანასკნელი იმედიც მოუკლა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ სანქციების ახალი პოლიტიკა უკვე შემუშავებულია.
"გამოვაცხადეთ სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა. აუცილებლად უნდა ელოდოთ, რომ აშშ ამის მიხედვით იმოქმედებს" - აცხადებს სახ.დეპის პრესსპიკერი.
მძიმე დღე საქართველოს ხელისუფლებისთვის - დღეს ვაშინგტონში ხალხის დახმარების და ხელისუფლების სანქციების ახალი პაკეტის, ჯო უილსონის "მეგობარი აქტის" განხილვა იწყება. კონგრესი საქართველოს შესაბ მსჯელობა თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება და უფრო მეტი, ამ სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.